მინისტრი: დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი 4 000-მდე სტუდენტმა აღიდგინა

28-11-2023 20:22:48 საზოგადოება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარის განცხადებით, დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი 4 000-მდე სტუდენტმა აღიდგინა. ამის შესახებ მან "მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წლის ოქტომბრიდან საქართველოში 4000-მდე სტუდენტმა მყისიერად აღიდგინა სტატუსი და სასწავლო პროცესს დაუბრუნდა.

გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2-3 თვეში ყველა უნივერსიტეტს ჩაერიცხება განსაზღვრული თანხა.

2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერის (განულების) შესახებ ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 15 სექტემბერს დააყენა.

„ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც ფინანსური დავალიანების გამო აქვს სტატუსი შეწყვეტილი, გაუნულდება დავალიანება. მათ შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიან უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მან „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე დააზუსტა, რომ ფინანსური დავალიანება 30 ათასამდე სტუდენტს ჰქონდა.

თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. სწორედ, მათ შესახებ შეკითხვებსაც უპასუხა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა.

„ყველა კერძო უნივერსიტეტს სრულიად ფინანსური გარიგება შევთავაზეთ ფასდაკლებით, იმ ფასად, რა ფასადაც ის ვალი ეღირებოდა, ვისაც ესმის უნივერისიტეტის სამზარეულო, ეს პრაქტიკულად მიუღებელი შემოსავალი იყო უნივერსიტეტებისთვის... რატომ არ შემოუერთდნენ? არ ვიცი. ახლა რიტორიკულ კითხვას უკან გვიტრიალებენ, რა ეშველებათ ამ სტუდენტებს?! ჩვენ ვერავის დავაძალებთ, ვერც სამართლებრივად და ვერც აკადემიურად, რომ ვინმე მობილობით გადავიდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათმა [უნივერსიტეტების] ხელმძღვანელებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ დამატებითი სოციალური სარგებელი თავიანთ სტუდენტებს არ უნდა მისცენ", – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლებია: 33 - უნივერსიტეტი; 21 - სასწავლო უნივერსიტეტი; 2 - კოლეჯი; 7 - მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები