უჩა აბაშიძის დედა: სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, სათამაშო თოფებია, მხოლოდ ორია ნამდვილი და ორივე რეგისტრირებული

10-05-2024 02:26:06 საზოგადოება ,სამართალი

დაკავებული ბლოგერის, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილის უჩა აბაშიძის დედა ლია თოდუა აცხადებს, რომ სახლში ამოღებული იარაღი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტო აქვეყნებს, ძირითადად სათამაშო თოფები და ტყვიებია.

მისივე თქმით, სურათზე მხოლოდ ორი ნამდვილი იარაღია და ორივე ოფიციალურადაა რეგისტრირებული მფლობელის – უჩა აბაშიძის სახელზე.

„სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია: სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია და ორივე უჩას სახელზე ოფიციალურად არის რეგისტრირებულია“, - წერს უჩა აბაშიძის დედა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ბლოგერი უჩა აბაშიძე საკუთარ სახლში დააკავეს. მანამდე მის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს, რა დროსაც მას ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მისცეს. არც ადგილზე მისულ ადვოკატს საკუთარ დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა. მათ შორის კომუნიკაცია მხოლოდ დაკავების შემდეგ შედგა.

მოგვიანებით შსს–მ განაცხადა, რომ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა სამთავრობო უწყების (შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის) ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ხოლო ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

აბაშიძე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები