შსს ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

10-05-2024 01:19:04 საზოგადოება ,სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ბლოგერი, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე უჩა აბაშიძე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.

თუმცა, შსს–ს განცხადებიდან მკაფიოდ არ ჩანს, ბლოგერის სახლში პოლიციის შესვლის საფუძველი.

კერძოდ, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს".

ამავე განცხადების მიხედვით, "აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, ი. აბაშიძის #22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს".

"სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს, 1984 წელს დაბადებული უ.ა. დააკავეს",– აცხადებს შსს და დასძენს, რომ "გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“.

შეგახსენებთ, რომ ბლოგერის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის წინ შევიდა. ოჯახის ცნობით, მას არ მიეცა არც ახლობლებთან და არც ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. მეტიც, ადგილზე მისული ადვოკატი ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეღწევას, თუმცა შეუშვეს მხოლოდ ჩხრეკის დასრულების შემდეგ. მას ბლოგერთან მოკლე კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ დაკავების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში გადაყვანის დროს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები