სალი წვერავა: ჩვენს სახლ-მანქანას თავს დაესხნენ – ჩალეწეს შუშები, დაჭრეს საბურავები, წაიღეს მანქანის ნომერი

10-05-2024 01:07:12 საზოგადოება ,სამართალი

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილე სალი წვერავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მანქანა დაუზიანეს, რომელთაც ის გიორგი ჯობავასთან ერთად დემოსნტრანტებს უფასო ყავასა და ჩაის სთავაზობდა.

მისი თქმით, ჩალეწილია შუშები, დაჭრილია საბურავები და გაიტაცეს მანქანის ნომერი.

"გუშინ ღამით ჩვენს სახლ-მანქანას თავს დაესხნენ უცნობი პირები, ჩალეწეს შუშები, დაჭრეს საბურავები, წაიღეს მანქანის ნომერი მოკლედ განადგურებულია მანქანა…

საქმე გადაცემულია პოლიციაში! მანქანა გადაყვანილია პოლიციის ეზოში.

სახლ-მანქანაზე დამონტაჟებულია სათვალთვლო კამერები, რომლებსაც, 90%-ით დაფიქსირებული აქვს მომხდარი ფაქტი, ველოდებით ექსპერტიზას, რომ ამოიღოს მასალები.

მთელი გული, სული და რესურსი ჩავდეთ ამ სახლმანქანის გაკეთებაში, უდიდესი იმედი გვაქვს რომ მალე გაირკვევა ყველაფერი და დავიბრუნებთ ჩვენს სახლს!

ძლივს მოვედი გონს სიტყვებს ვერ ვუყრი თავს უბრალოდ გაონგნებული ვარ!" - წერს სალი წვერავა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებს თავს ესხმიან. გვიან ღამით თავს დაესხნენ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუას და "ახალის" წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს. 8 მაისს ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის კიდევ სამ აქტივისტს. თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დიმიტრი ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გია ჯაფარიძესა და აქტივისტს ლაშა ღვინიანიძეს.

აღნიშნულს წინ უძღოდა სიძულვილის კამპანია – უცხო ნომრებიდან რეკვა მოქალაქეებთან, მუქარა, სიტყვიერი შეურაცხოფა, პოსტერების გამოკვრა ოფისთან, სახლებთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები