დავით ზურაბიშვილი: ეს ის ომი არაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აპირებდა – სრულიად სხვა ომშია

09-05-2024 19:44:06 პოლიტიკა ,კომენტარი

პოლიტიკის კომენტატორ დავით ზურაბიშვილის შეფასებით, მოვლენათა განვითარება ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, ამიტომ, მას ამ ეტაპზე პროგნოზირება უჭირს.

ამ ბუნდოვანებას, მისი ხედვით, ის ფაქტორი ქმნის, რომ გეგმა, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა, „ჩავარდა“ და „პროცესში იგონებენ“.

მისი თქმით, მიუხედავად ხელისუფლების უწინდელი გზავნილებისა, თუ „აგენტების კანონს“ მიიღებენ, ამით „არაფერი გადაგორდება“ – პროტესტი გაგრძელდება.

„პროგნოზირება იმიტომ ჭირს, რომ რაც ახლა ხდება [უწყვეტი პროტესტი], ეს ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ეს ძალიან კარგად ჩანს...რა გეგმაც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და რისი იმედითაც მან ეს კამპანია წამოიწყო, ჩავარდა. ის არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა ჩვენი ახალგაზრდების ასეთ მასობრივ პროტესტს და ამან ძალიან დააბნია. ბოლო დღეებში რაც ხდება, გარდა იმისა, რომ ამორალობაა, უზნეობა, იმავდროულად იდიოტობაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესში იგონებენ, „ახლა რა ვქნათო“...

მათ რომ სცოდნოდათ, იგივე ბიძინა ივანიშვილი არ წამოიწყებდა. გვახსოვს რა იყო პირველი მესიჯები: ხალხი არ გამოვა, ხალხს ვერ მოატყუებთ. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა კანდიდატის სტატუსიც ისე გაიგო, რომ დასავლეთიც მზადაა, მაინც და მაინც მკაცრად არ შეხედოს ამათ ქცევას, როდესაც აგინებენ ელჩებს, „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულების თეორიებს ავითარებენ და ა.შ. ანუ არასწორად გაიგო ის, რაც მოხდა. ჩათვალა, რომ ევროპელები ვერაფერს გააკეთებენ, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, „ჩემთან საუბარზე წამოვლენო“ და მეორე, ჰქონდა იმედი, რომ ხალხი არ გამოვიდოდა – არც ერთმა არ გაუმართლა. ეს ის ომი არაა, რომელსაც აპირებდა – ახლა სრულიად სხვა ომშია, არ იცის, რა ქნას და პროცესში იგონებენ“,– თქვა ზურაბიშვილმა.

ის იხსენებს, რომ „ყველაზე მძიმე გამოსვლა – სიძულვილით სავსე, შეთქმულების თეორიებით გაძეძგილი – ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს“:

„მაინც ჰქონდათ იმედი, რომ აქციებს მოუვლიდნენ. მეორე მომენტი, რაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან აგიჟებს ივანიშვილს, ეს არის მისთვის სრულიად ამოუხსნელი ამბავი – შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მას არ სჯერა ასეთი პროტესტების სპონტანურობის. ის აბსოლუტურად კონსპირაციის ტყვეობაშია. ის დარწმუნებულია, რომ ეს ათასობით ადამიანი ვიღაცას გაოჰყავს და ის ვიღაც არის მისი მტერი“.

ზურაბიშვილის დაკვირვებით, სწორედ ამ კონსპირაციის მიხედვით მოქმედებას ავალებს ივაბიშვილი მის დაქვემდებარებულ პირებსაც და შედეგად ვიღებთ მზარდ პროტესტს.

მას აქვს მოლოდინი, რომ პროტეტსი გაიზრდება და თუ ხელისუფლება „არ მოვა გონს“ და არ მიიღებს ზომებს ვითარების დასამშვიდებლად, თავად წაილეკება ამ ტალღით.

„რთული თვე გველის და მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს ფხიზლად, არ შეწყდეს პროტესტი“,– დასძენს ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები