გომელაური: თავდასხმა მოხდა, ადამიანებმა, სამწუაროდ, მიიღეს დაზიანებები, გამოძიება დაწყებულია

09-05-2024 11:30:18 სამართალი

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მოკლე კომენტარი გააკეთა „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე პირებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია.

„გუშინ გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით, ვნახავთ, რა იყო, ვინ დაესხა თავს. ახლა არ შემიძლია თქვა, ეს მოხდა თუ ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, ადამიანებმა, სამწუაროდ, მიიღეს დაზიანებები, გამოძიება დაწყებულია“,– თქვა გომელაურმა.

გომელაურს ჰკითხეს, რა სახის პასუხისმგებლობას გრძნობს ძალადობრივ გარემოზე:

„რა თქმა უნდა, არავის არ მოსწონს ძალადობა, არავისზე ძალადობა არ მომწონს - არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე, რომლებსაც მომიტინგეები ახორციელებდნენ, არც ჟურნალისტებზე და თქვენს კოლეგებზე. მე არ მინახავს თქვენს ეთერში, რაც „პოსტივის“ ჟურნალისტს გაუკეთეს, დაგეგმოთ და გამოსულიყავით და გეთქვათ - „ბატონო ვახტანგ, არ გრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ჟურნალისტზე [ზეწოლა იყო]“. მარტო ცალ მხარეს ნუ ხართ. ყველანაირ თავდასხმას ვგმობ!“ - თქვა გომელაურმა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს ჯერ მასობრივად ურეკავდნენ უცხო ქვეყნების და საქართველოს ნომრებით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ, ხოლო შემდეგ დაფიქსირდა თავდასხმების ფაქტები. ორი დაზარალებული კლინიკაში რჩება.

განახლება

როგორ შსს-ში აცხადებენ, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის სხვადასხვა ქვეპუნქტებით. აღნიშნული მუხლი ძალადობას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები