შსს–მ აქციებთან დაკავშირებით სსკ–ის სამი მუხლით აღძრა საქმე

09-05-2024 10:46:52 საზოგადოება ,სამართალი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, პარლამენტთან, "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე 15 აპრილიდან დღემდე, მოქალაქეების მხრიდან "განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან" დაკავშირებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაწყებული.

მისი თქმით, გამოძიება დაიწყო 8 მაისს და საუბარია შემდეგ მუხლებზე:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი, რაც გულისხმობს "სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას";
  • სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რაც გულისხმობს "ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას";
  • სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი, რაც გულისხმობს "ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია".

"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება",- განაცხადა თამაზაშვილმა.

მანამდე თამაზაშვილმა თქვა, რომ 8–9 მაისს სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს აქციების ექვსი მონაწილე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები