„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს დღესაც ურეკავენ, თუმცა უკვე ქართული ნომრებიდან

08-05-2024 19:10:34 საზოგადოება

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ დღესაც ურეკავენ უცნობი პირები, რომლებიც ასახელებენ მათ საცხოვრებელ მისამართს და ემუქრებიან. ეს მოქალაქეები, მათ შორის ანა სუბელიანი, ნინო ლომჯარია, თამთა გოგოლაძე აქვეყნებენ ქართულ სატელეფონო ნომრებსაც, რომლებიდანაც მათთან დარეკეს.

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის ნათია კუპრაშვილის განცხადებით, უცხო ნომრიდან უკვე მეოთხედ დაურეკეს და დაემუქრნენ.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

„დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მოვედი უკვე ბინასთან და ქვემოთ გელოდებითო. ცხადია [აქციას] უკავშირდება. მანამდე კიდევ სამი ზარი განხორციელდა. პირველი ზარი იყო უკრაინული ნომრიდან, შემდეგ უკვე დაახლოებით ათსაათიანი შუალედებით იყო ორი ზარი, გერმანიიდან. მე ვფიქრობ, ჩემი საჯარო განცხადებაც საკმარისი უნდა იყოს, რომ გამოძიება დაიწყონ. ამდენი ადამიანი საუბრობს ამაზე და მე ვფიქრობ, უკვე უნდა ჰქონდეთ გამოძიება დაწყებული და თვითონ უნდა მირეკავდნენ, მაგრამ ვაპირებ მე თვითონ დავუკავშირდე, შევიტან განცხადებას. როცა მისამართს გიცხადებენ და გეუბნებიან, რომ ქვემოთ გელოდებიან, ეს უკვე ჩვეულებრივი ზარი აღარ არის. პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით პირდაპირი მუქარაა“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

უცხო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების პირად სატელეფონო ნომრებზე დარეკვა გუშინ დაიწყეს. ისინი სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით წერდნენ, რომ სხვა ქვეყნის სატელეფონო ნომრით უკავშირდებოდა პირი, რომელიც აგინებდა.

დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება ამ დრომდე უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები