ჯაფარიძე – "ოცნების" "მონაცემთა ბაზაზე": ვიცით, როგორ მუშაობს ასეთი სისტემა რუსეთში

08-05-2024 15:54:30 პოლიტიკა

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეპრესიების დაწყების მცდელობად აფასებენ “ქართული ოცნების”მიერ "მონაცემთა ბაზის” შექმნის დაანონსებას.

ინფორმაციისთვის: როგორც 8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, რომელშიც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“.

"ევროოპტიმისტების" დეპუტატის რომან გოცირიძის ხედვით, “ადამიანთა რეესტრის შექმნა არის საბჭოთა 'კაგებეს" მეთოდი. წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომა”.

რომან გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ "ყოველგვარი საზღვრები გადალახა", რაც ემსახურება ხელისუფლების შენარჩუნების მიზანს.

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ თუ აქამდე პერსონალური მონაცემები ჰქონდა „ქართული ოცნების" ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც სატელეფონო ზარებით ცდილობდა ფსიქოლოგიური იერიშის მიტანას „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეებზე, „ახლა ამ სიის მეშვეობით კიდევ უფრო გაზრდის წრეს. ეს არის საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებული ქრონიკა, ეს ხომ ბოლო ჟამის ქრონიკაა?!“

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, “მაშინ, როდესაც დღეს მთავარი მოძალადე არის სახელმწიფო, სახელმწიფოსგან, მმართველი პარტიისგან დაქირავებული "ზონდერები" და "ბანდები" დათარეშობენ თბილისის ქუჩებში და ძალადობენ ახალგაზრდებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე… შალვა პაპუაშვილის კიდევ აქეთ ბრალდებები არის მორიგი მანიპულაცია.“

"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლის დეპუტატ პაატა მანჯგალაძის თქმით, “ეს არის მანიპულაციის მცდელობა“, რომლის მიზანიც არის ის, რომ არ წავიდეს ხალხი აქციაზე იმის შიშით, რომ შალვა პაპუაშვილი "შეიყვანს რაღაც მოძალადეების სიაში“.

პარტია "ახლის" წარმომადგენლის ნიკა გვარამიას განცხადებით, "რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს არის 1937 წელი, არის ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების აღრიცხვა, ეს არის შავი სიის შექმნა, მტრების სიის შექმნა, რომელის ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, როგორც ჩანს მიუქსევენ ადამიანებს, როგორც ჩანს"

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს ეს ნაბიჯი სახიფათოდ მიაჩნია:

"ვიცით, როგორ მუშაობს ასეთი სისტემა რუსეთში, სადაც კონკრეტული ადამიანები და ასეთი ბევრია, რომლებიც ციხეებში სხედან ფეისბუკზე "ლაიკების" და "შეარების" გამო".

პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ბესიკ დონაძის თქმით, "ქართული ოცნება" თავის აქტივს, კოორდინატორებს დაავალებს "მის სამეზობლოში, მის უბანში მცხოვრები ადამიანები დაასმინოს, ანუ ე.წ. დანოსი მიიტანონ ადამინებზე ვინც ეწინააღმდეგებიან "ქართულ ოცნებას", ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ანუ შალვა პაპუაშვილმა უბნის კოორდინატორები დღეს გამოაცხადა უბნის აგენტებად".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები