აქციაზე დაშავებული: ბადურა მაქვს გაწყვეტილი, მთელი ცხოვრება თვალში ლაქა მექნება

08-05-2024 14:07:28 საზოგადოება

1 მაისს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული მოქალაქე ნიკა დემურიშვილი ამბობს, რომ მას თვალის ბადურა აქვს გაწყვეტილი, რის გამოც თვალში მთელი ცხოვრება ლაქა ექნება.

მოქალაქე ამბობს, რომ სასამართლო დავას აპირებს. ამჟამად მზადდება სარჩელი.

"ექიმთან გადამოწმებაზე ვიყავი და მითხრეს, რომ ბადურა მაქვს გაწყვეტილი და ქირურგიული ჩარევის გარეშე რომც აღდგეს [მხედველობა], მთელი ცხოვრება თვალში მექნება ლაქა, რომელსაც უნდა ვუყურო.

ზუსტად ამან გადამაწყვეტინა, რომ საჩივარი შევიტანო. არ მინდა, მთელი ცხოვრება ლაქას ვუყურებდე იმის გამო, რომ რუსეთში ყოფნა არ მსურს“,– თქვა ახალგაზრდამ.

ის ამბობს, რომ სურს, პირველ რიგში ისინი დაისაჯონ, ვინც ბრძანება გასცა და ვინც უშუალოდ რეზინის ტყვიები გამოიყენა:

„დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება, მაგრამ მინდა".

ნიკა დემურიშვილმა ის მომენტიც გაიხსენა, როდესაც დაშავდა:

"1 მაისს აქციაზე სხვა მოქალაქეების დასახმარებლად, იმ სივრცეში შევდიოდი და გამოვდიოდი, სადაც ცრემლსადენი გაზი იყო გაშვებული. მესამედ რომ შევედი, იმ მომენტში მომხვდა თვალში - 99%-ით ვიცი, რომ ეს რეზინის ტყვია იყო, რადგან პირდაპირ სახეში მომხვდა“,– იხსენებს ახალგაზრდა „ტვ პირველთან“ და დასძენს, „რეზინის ტყვიები რომ გამოიყენეს, ამაზე დავა სისულელე მგონია".

შსს ამ დრომდე უარყოფს მომიტინგეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენებას კიუხედავად არაერთი მოქალაქის დაშავებისა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები