მე–5 ვადით გაპრეზიდენტებული პუტინი რუსეთს კიდევ 6 წლით მართავს

07-05-2024 15:32:10 მსოფლიო

მე–5 ვადით გაპრეზიდენტებული ვლადიმირ პუტინი რუსეთს კიდევ 6 წლით მართავს. დღეს 71 წლის პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო, რის შემდეგაც ოფიციალურად, 6-წლიანი ვადით ისევ დაიკავა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა.

ფიცის დადების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა დაადასტურეს ქვეყნის კურსის სისწორე, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.

"ჩემთვის უპირველესი იქნება რუსეთის ხალხის უსაფრთხოება და ინტერესები, დღევანდელ სირთულეებს ღირსეულად გადავლახავთ და კიდევ უფრო გავძლიერდებით. მრავალსაუკუნოვანი ოჯახური ფასეულობების და ტრადიციების მხარდაჭერა ისევ იქნება საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების ერთიანობის საფუძველი", – განაცხადა მან.

პუტინის მტკიცებით, რუსეთს „ღია და კეთილი ურთიერთობების" გაძლიერება სურს ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთს „საიმედო და პატიოსან პარტნიორად„ მიიჩნევენ და „მსოფლიოს უმრავლესობაში არიან“.

პუტინის განცხადებით, უარს არც დასავლეთის სახელმწიფოებთან დიალოგზე ამბობენ, თუმცა, არჩევანი მათზეა - „მომავალშიც გააგრძელებენ რუსეთის განვითარების შეფერხების მცდელობას, აგრესიის პოლიტიკას და ზეწოლას, თუ მოძებნიან გზებს თანამშრომლობისა და მშვიდობისთვის":

„ვიმეორებ, რომ საუბარი, მათ შორს უსაფრთხოების, სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე შესაძლებელია, მაგრამ არა ძალის პოზიციიდან, ქედმაღლობის გარეშე და მხოლოდ თანასწორად, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემით“.

რუსეთში 15-17 მარტს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით პუტინმა ხმების 87,28% მიიღო. ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს დასავლეთის სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უსამართლო და არათავისუფალი უწოდეს.

რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით. პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს. 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა. ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი 2012 წელს, მეორედ კი - 2018 წელს გახდა. 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები