31 ევროპარლამენტარი ბორელს მიმართავს: საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს და დაფინანსების საკითხი გადაიხედოს

07-05-2024 14:44:29 პოლიტიკა

31 ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელს ერთობლივი წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ "უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება".

"საქართველოს ხელისუფლების მუდმივმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით მათ მიერ უცხოური აგენტების შესახებ "რუსული სტილის" კანონის გატანის აგრესიული მცდელობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ გადალახა ზღვარი. ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რომელთა გადადგმაზეც საქართველოს მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ეს აღარ შეიძლება, იყოს უგულებელყოფილი ევროკავშირის მიერ. მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მტკიცე პოზიცია და შემდეგი ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.

  • პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და მმართვლი პარტია "ქართული ოცნების" ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს, ამიტომ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.
  • მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.
  • მესამე, საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელების შესახებ უნდა განხორციელდეს შეფერხების გარეშე. ეს ღონისძიება შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ.

ბოლო წლებში ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ქართველი ხალხისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდასაჭერად. ჩვენ ახლაც მტკიცედ მივყვებით ამ გზას, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის არის იგივე და ისინი დაცული უნდა იყოს", – ნათქვამია წერილში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები