რატომ ვათენებთ ღამეებს ქუჩებში

30-04-2024 18:37:53 ციტატა

გაბრაზებული, შეურაცხყოფილი და დაბნეული ახალგაზრდობის სახელით, მინდა, ყველას ვუთხრა ჩემი სათქმელი – ყველას, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია და ვერ ხედავს, თუ რატომ ვათენებთ ღამეებს ქუჩებში, რატომ ვყვირით და ვიბრძვით.

კანონპროექტი ერთი შეხედვით, სულაც არ უნდა იწვევდეს რაიმე სახის გაღიზიანებასა და აზრთა სხვადასხვაობას საზოგადოებაში, თუმცა როგორც კი შინაარსში ვიწყებთ ჩახედვას, უამრავ წინააღმდეგობას ვაწყდებით კონსტიტუციასა და საერთაშორისო შეთანხმებებთან მიმართებით, მარტივად რომ ვთქვათ, კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამო და გამოუსადეგარია. მოდით ვთქვათ რატომ: საზოგადოების მხრიდან კანონპროექტი თავიდანვე აგრესიული ტონით იქნა აღქმულიცა და გააზრებულიც,რაც ტერმინთა განმარტების ნაწილში სიტყვა “აგენტის" ფორმულირებამ განაპირობა, კანონპროექტის განხილვისას მმართველი ძალისგან ვერ მივიღეთ კონკრეტული განმარტებები, თუ ვინ ჩაითვლება “უცხოური გავლენის აგენტად”, ანუ ვის თვლის “ქართული ოცნება” ადამიანებად/ადამიანთა ჯგუფი(ებად), რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტისათვის უქმნიან საფრთხეს.

სწორედ, კანონპროექტის შინაარსის ბუნდოვანებაა მიზეზი ჩვენი გაღიზიანების, რადგან საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ზუსტად ვიცით, ხელისუფლებას ექნება მოქნილი ბერკეტი, ხალხის წინააღმდეგ ,სურვილისამებრ აამოქმედოს მანქანა დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, ხელი შეუშალოს მედია პლურალიზმს, სასამართლო, საარჩევნო,საკანონმდებლო გამჭვირვალობასა და ეცადოს ყველა ორგანიზაციისა და სუბიექტის გაკონტროლებას.

ერთი სიტყვით, კანონპროექტი “გამჭვირვალობის” შესახებ არის ბუნდოვანი და ჩვენი აქციებზე დგომის მოტივაცია, როგორც გასულ წელს არის უცვლელი,თუმცა ამასთანავე დღეს უფრო მკაფიოდ გვაქვს გააზრებული რატომ ვუცხადებთ ომს პრორუსულ, პუტინისტ მმართველ ძალას, რომელიც დღითიდღე ცდილობს კრემლის ინტერესების გატარებას. არცერთ ჩვენგანს არ სურს იყოს იმ იდეის მომხრე, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებასა და თავისუფლებას, ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს დასავლურ მისწრაფებებსა და ევროპულ მომავალს.

ავტორი: მოქალაქე მირანდა დუნდუა

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები