ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთს ეწვია

06-05-2024 12:32:10 მსოფლიო

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთს ეწვია. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაგეგმილი მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით გამოწვეული კრიზისია.

სი ძინპინი მეუღლესა და ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად საფრანგეთში 5 მაისს ჩავიდა. მას პარიზის აეროპორტში დახვდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი.

საფრანგეთში სახელმწიფო ვიზიტის წინ ჩინეთის მთავრობის საიტსა და ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნდა სი ძინპინის სტატია, რომელშიც აღნიშნავს, რომ "ჩინეთი არ არის არც უკრაინის კრიზისის წყარო და არც მხარე, ან მონაწილე და სურს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობა, რათა მოიძებნოს კრიზისის დაძლევის გონივრული გზა".

სი ძინპინის განცხადებით, "კრიზისის გახანგრძლივება ევროპას და მსოფლიოს სულ უფრო მეტ ზიანს მოუტანს". ჩინეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს თავის არაერთ მოწოდებას, რომ "დაცული უნდა იყოს გაეროს წესდება, პატივი უნდა სცენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მხარის უსაფრთხოების ინტერესებიც და დაუშვებელია ბირთვული იარაღის გამოყენება".

როგორც სააგენტო AFP წერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის პრიორიტეტია ჩინეთის გაფრთხილება, თუ რამდენად საშიშია უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერა. თავად მაკრონმა 4 მაისს, გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის ინტერესშია ჩინეთს აიძულოს საერთაშორისო სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა.

ემანუელ მაკრონი და სი ძინპინი საფრანგეთისა და ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებსაც განიხილავენ. მაკრონმა The Economist-ს განუცხადა, რომ ჩინეთი არღვევს საერთაშორისო ვაჭრობის წესებს.

მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ნეიტრალურია. ამასთან, პეკინმა დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა და აწვდის ისეთ საქონელსაც, რომელსაც რუსეთი სამხედრო მრეწველობაში იყენებს.

2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების საფუძვლად მიიჩნევს. უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პეკინის გეგმა არ მოიცავს რეალურ წინადადებებს მშვიდობის დასამყარებლად.

15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება უკრაინის მიერ ინიციირებული „მშვიდობის გლობალური სამიტი“, რომელზეც რუსეთი მიწვეული არ არის. უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ასამდე ქვეყანა, მიწვეულია ჩინეთის დელეგაცია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები