მილერი: ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ მოვლენებს საქართველოში

02-05-2024 23:35:54 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

სპიკერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აკვირდება თუ არა სახელმწიფო მდივანი ბლინკენი საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს და კანონის მსვლელობას.

„დამერწმუნეთ, ძალიან ყურადღებით აკვირდება. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, მას რეგულარულად მიეწოდება განახლებული ინფორმაცია“,– უპასუხა სპიკერმა.

ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, როდის გამოაცხადებს აშშ „პოლიტიკის შეცვლას“ საქართველოსთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ დრომდე გაკეთებული განცხადებები „საკმარისი არ არის“, მილერმა გაიმეორა მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ კანონპროექტის მიღებით და ასევე განაცხადა, რომ ინიციატივას ჯერ კიდევ "კანონპროექტის სახე აქვს და მე კომენტარს არ გავაკეთებ კომენტარს კონკრეტულ პასუხზე, რაც შეიძლება გვქონდეს. მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან ცხადად განვაცხადეთ, რამდენად შეშფოთებულები ვართ“.

რამდენიმე საათით ადრე შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი განაცხადეს.:

„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამერიკელ მაღალჩინოსნებთან იმ „დათქმით“ მიიწვიეს, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რაც, უწყების შეფასებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები