აქციაზე ორი მუსიკოსი დააკავეს

02-05-2024 22:55:14 საზოგადოება

გმირთა მოედანზე, აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქციაზე სამართალდამცავებმა ორი მუსიკოსი დააკავეს.

მუსიკოს დავით ჯიქიას ცნობით ამბობს, რომ დაკავებულია ჯგუფ "ქვემეხის" სოლისტი სანდრო ქერაული და Bedford falls-ის მუსიკოსი მიხო კალანდარიშვილი.

ამ დროისთვის მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ არის ცნობილი.

"ქერაული 30–მა პოლიციელმა ჩატენა მანქანაში. ასევეა დაკავებული კალანდარიშვილი მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა აქტივისტებთან ერთად კეტავდა გზას – ხელიდან გამოსტაცეს. არ ვიცი, რომელ განყოფილებაში არიან, ვცდილობთ, გავარკვიოთ",– ამბობს ჯიქია.

გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებმა, დაახლოებით, ერთი საათის წინ გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ საავტომობილო მოძრაობის აღდგენის მიზნით ადამიანების დაკავება დაიწყო.

"იმდენი ადამიანია დაკავებული, არ ვიცი, რა ხდება. ეს დაუშვებელია – გზის პიკეტირება სტანდარტული პრაქტიკაა პროტესტში. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ რუსული კანონი. რუსთაველზე დაგშლით...აქაც დაგლით...იქ დაგვიჭერთ...აქა დაგვიჭერთ...სულ ერთია, აქ ვართ ბოლომდე",– თქვა არტისტმა.

ამ დროისთვის დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

გმირთა მოედანი ამ დრომდე პარალიზებულია. ცნობილია, რომ გადაკეტილია მტკვრის მარცხენა სანაპიროც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები