არჩილ თალაკვაძე: სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და ვნახავთ, იქ ვის ვისი ეშინია

02-05-2024 16:51:52 პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციის დეპუტატების განცხადებას, რომელიც ეხებოდა 2 მაისს პარლამენტში დანიშნული სხდომების გაუქმებას. როგორც თალაკვაძემ თქვა, სხდომები სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ განახლდება.

“ამ ქვეყანაში წითელი ზონა ათწლეულების წინ დავამთავრეთ და ის აღარ დაბრუნება. სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და ვნახავთ, იქ ვის ვისი ეშინია. არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე დესტაბილიზაცია შემოიტანოს და ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების უსაფრთხოებას დაემუქროს, რისი აშკარა ნიშნებიც ბოლო დღეების განმავლობაში იყო, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოზე შეტევის სახით. დღეს, სწორედ, ამიტომ არის უსაფრთხოების მაღალი დონე გამოცხადდებული. სხვათა შორის, ეს პირველად ხდება უახლეს ისტორიაში, როდესაც სახიფათო გზაზე ვსაუბრობთ. ზუსტად ეს არის სახიფათო გზაც, როდესაც დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით არის მცდელობა ძალადობით და ძალადობრივი შეტევებით იყოს მიღებული რაიმე გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში, რასაც არ დავუშვებთ”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, რომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია დღეს, 2 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება. ისინი გამოეხმაურნენ პარლამენტში დანიშნული სხდომების გაუქმების გადაწყვეტილებას.

„საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა, ფაქტობრივად, გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, ათდღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას“, - თქვა რომან გოცირიძემ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ.

1 მაისს „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით განხილვასა და მიღებას, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობის გარშემო მოქალაქეთა მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.

პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცრაზმი რამდენიმე საათის განმავლობაში იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. პოლიცია ასევე პარლამენტის ეზოდან ქუჩის მიმართულებით იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ბარიკადები ააგეს ხის და რკინის ჯებირებით, ასევე - ნაგვის ურნებით და ჩახერგეს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ჩიტაძის ქუჩიდან.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც ასევე სცადეს ჩაეხერგათ შენობის ჭიშკარი. სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ისევ გამოიყენა წყლის ჭავლი, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.

ამის შემდეგ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები მთლიანად საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დაიკავეს. მათ დემონსტრანტებს შესთავაზეს, აქცია პარლამენტის წინ გაეგრძელებინათ, რათა შესაძლებელი გამხდარიყო გზის სავალი ნაწილის გახსნა.

რუსთაველზე აქციის დაშლა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო.

შსს აცხადებს, რომ აქციაზე არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები, თუმცა ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებით დაშავებული მოქალაქეები. ამასთან, რამდენიმე დემონსტრანტმა სავარაუდოდ, რეზინის ტყვია მედიის წარმომადგენლებს აქციის მიმდინარეობისას აჩვენა და განაცხადეს, რომ ეს სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები მათი მისამართით ისროლეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები