ევროსაბჭოს გენერალური მდივანი: დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან

02-05-2024 15:42:26 ციტატა

"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ პარლამენტის მიერ „უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო, მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა. იმ შეშფოთების გათვალისწინებით, რაც ეხება კანონპროექტის თავსებადობას ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მომავალ მოსაზრებას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განიხილონ მისი რეკომენდაციები. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო აუცილებელია ძლიერი და სრულფასოვნად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის. გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და მათი თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი.

მე ასევე ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ მშვიდობიანი გზით გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.

იმედი მაქვს, რომ საქართველო და ევროსაბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, რაც ახასიათებს ჩვენ ნაყოფიერ თანამშრომლობას ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში",– ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აცხადებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები