პარლამენტში დღეს ბიურო და პლენარული სხდომა აღარ გაიმართება, უსაფრთხოების "წითელი დონე" 14.00 საათამდე იმოქმედებს

02-05-2024 11:43:18 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე "განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა", რის გამოც, დღეს, 1 მაისს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. შესაბამისად, გადაიდო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც, რომლისთვისაც დღეს პარლამენტში უნდა მოესმინათ.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, "ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები".

პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების "წითელი დონე" 14.00 საათამდე იმოქმედებს, ხოლო14:00 საათის შემდეგ, დაიწყებს მოქმედებას "ყვითელი დონე", რა დროსაც ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ –შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.

"წითელი დონის" დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არც ერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ "საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად" განსაზღვრული პირებისა.

"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა",– ვკითხულობთ შეტყობინებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები