მეთიუ მილერი: "საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა"

02-05-2024 04:16:56 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი "აგენტების კანონის" მეორე მოსმენით მიღებას და თბილისში განვიტარებულ მოვლენებს ეხმიანება.

"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებული "უცხოური გავლენის" კანონს, რომელმაც საქართველოს პარლამენტში დღეს წინ წაიწია და რომლის დასაცავადაც მთავრობის ოფიციალურმა პირებმა ყალბი ნარატივი აირჩიეს. მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ კანონის მიზანია, გააჩუმოს კრიტიკული ხმა და გაანადგუროს საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება როგორც კრიტიკულ კონტროლს მთავრობაზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში.

ამ კანონმდებლობამ და "ქართული ოცნების" ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას საფუძვლად უდევს და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას საქართველოში, რომელსაც ჩვენ ვაძლევდით 32 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გასაძლიერებლად, სიღრმისეულად უთხრის ძირს ძლიერ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ განვავითარეთ საქართველოს მთავრობასა და ხალხთან.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის და მისი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა გაიგონ. ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად ძალის გამოყენება მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არაძალადობრივი პროტესტის მონაწილეებს მისცენ შესაძლებლობა, გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლება", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაში.

Новости

Другие новости