უცხოეთის აგენტები სოხუმსა და თბილისში

01-05-2024 16:58:32 კონფლიქტები

ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ანტიპოდები - თბილისი და სოხუმი პრაქტიკულად ერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ სადღეისოდ მათ ერთი და იგივე მოწინააღმდეგე ემუქრებათ, მათი მომავალი კი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რით დასრულდება ეს სიტუაცია.

თბილისშიც და სოხუმშიც დღეს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონზე იმტვრევენ თავს. ქართულ ვარიანტს უფრო მოკრძალებული სახელწოდება აქვს - „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი“, აფხაზეთში კი ყოველგვარი განსაკუთრებული რეფლექსიების გარეშე გადაწყვიტეს, რუსული სახელი „უცხოეთის აგენტი“ დაეტოვებინათ. თუმცა არსობრივად, ეს ერთი და იგივეა.

აფხაზეთში ამ ინიციატივის უკან რუსეთი დგას, თანაც ღიად და ცალსახად. იქ აღნიშნული კანონპროექტი რამდენიმე სხვასთან ერთ პაკეტადაა წარმოდგენილი, რომელიც მოწოდებულია, რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობების ჰარმონიზაცია უზრუნველყოს, ანუ არსობრივად, შექმნას ნიადაგი საზოგადოებრივი დისკუსიების ნეიტრალიზებისთვის, პოლიტიკური ოპონენტების დადუმებისთვის, საბოლოოდ კი რუსეთის მიერ აფხაზეთის პრაქტიკულად სრული შთანთქმისთვის.

საქართველოში, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოა და რომლის მცოცავი ანექსიის მიზანს მოსკოვი თითქოს არ ისახავს, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის კონტექსტი განსხვავებულია. მოტივაციასთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს: ერთ-ერთი ვერსიით, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კანონის მიღების აუცილებლობის საკითხი მოსკოვმა დაუყენა, ან შესაძლოა, თავად პარტიის ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა მისი ინიცირება ხელისუფლებაში უვადოდ დარჩენის უზრუნველსაყოფად.

ასეა თუ ისე, განურჩევად მოტივაციისა, შედეგი ორივე შემთხვევაში მსგავსია: სოხუმი ნელ-ნელა კრასნოდარის მხარის ნაწილად იქცევა, ხოლო თბილისი - გარე სამყაროსგან იზოლირებულ, სუსტ სახელმწიფოდ, რომელიც სრულადრუსეთის გავლენას ექვემდებარება.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ აღსრულდეა ერთ თვეში ან თუნდაც ერთ-ორ წელიწადში, მაგრამ პროცესი უდავოდ ამ მიმართულებით წავა, რაც წარმოადგენს კიდეც რუსეთის მიზანს როგორც სოხუმში, ისე თბილისში.

ორივე - ქართული და აფხაზური საზოგადოებები ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან აგენტების შესახებ კანონს: ამ მიზნით ვრცელდება სხვადასხვა ორგანიზაციების კოლექტიური საპროტესტო განცხადებები, ეწყობა მრავალათასიანი აქციები და ა.შ.

ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ ქართველების პროტესტი უფრო მასშტაბურია, ხმაურიანი და თვალშისაცემი, სამაგიეროდ აფხაზური უფრო ეფექტურია და ქმედითი: ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ ოფიციალური სოხუმი აშკარად არ ჩქარობს აგენტების შესახებ კანონის მიღებას და პროცესს უკვე წლებია, აჭიანურებს. სოხუმს კანონპროექტი ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში უნდა მიეღო, მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში იგი საერთოდ მიივიწყეს და როდის მიიღებენ, გაურკვეველია. მაღალი ალბათობით, ბჟანიას ადმინისტრაცია, აცნობიერებს რა ამ ნაბიჯის არაპოპულარულობას, მოსკოველი კურატორების დავალების შესრულებას მორიგ ჯერზე აჭიანურებს.

თბილისში კი პირიქით, მმართველი პარტია იმდენად ჩქარობს, რომ სრულად უგულებელჰყოფს საზოგადოებრივ აზრსაც, ახალგაზრდა თაობის პოზიციასაც. „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად, ანადგურებს ქვეყნის ხვალინდელ დღეს - ახალგაზრდობას, რომელსაც საკუთარი ძალაუფლებისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. პარლამენტმა კანონის ორი მოსმენით მიღება მოახერხა და უდავოდ ეცდება, ყველა ხერხითა და გზით, შანტაჟით, მანიპულაციებით, მოსყოდვითა თუ პირდაპირი ძალადობით საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოროტების საწყისი ორივე შემთხვევაში ერთია - რუსეთი, ჩვენ ქცევის ორ რადიკალურად განსხვავებულ მოდელს ვხედავთ. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას საკუთარ საზოგადოებასთან რქებით შეტაკება არ სურს და ათასგვარი ხერხით ცდილობს აგენტების შესახებ კანონის მიღების საბოტირებას. საქართველოს ხელისუფლება კი მზადაა, გაწიროს ქვეყანა, მისი მომავალი - ოღონდ მიიღოს მისთვის ესოდენ აუცილებელი კანონი.

დამეთანხმებით, განსხვავება პრინციპულია: როგორც აღმოჩნდა, ასლან ბჟანია გაცილებით უფრო სენსიტიურია აფხაზი ხალხის აზრის მიმართ, გაცილებით მეტადაა მის წინაშე ანგარიშვალდებული და იმგვარი აბსტრაქტული რამ, როგორიც მორალი და სინდისია, მისთვის უცხო არაა; თბილისში კი იდეალური შტორმია, ქვეყნის რეალური მმართველი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი სინდისისგან, ღირსებისგან, ემპათიისგან გაცლილი არსება აღმოჩნდა, შესაძლოა, სერიოზული ფსიქიკური გადახრებითაც. ბჟანიასგან განსხვავებით, იგი პოლიტიკურ ოპონენტებს აღიქვამს მტრებად, რომლებთანაც ყოველგვარი კომპრომისი გამორიცხულია. განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ პუტინის სიძულვილი არაფერია ზიზღის იმ ნიაღვართან შედარებით, რომელსაც ოლიგარქი და მისი ქვეშევრდომები აფრქვევენ.

განსხვავებაა საზოგადოებრივ მოწყობაშიც. ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ სოხუმი თვეობით იკავებს თავს რეპრესიული კანონების მიღებისგან, მაშინ, როცა თბილისი დიდი სისწრაფით მიექანება ავტორიტარიზმის პუტინისტური მოდელისკენ.

აფხაზეთში სახელმწიფო ინსტიტუტები ან სუსტია, ან არ არსებობს, სამართალდამცველი და სადამსჯელო ორგანოები პრაქტიკულად არაა წარმოდგენილი. ასლან ბჟანია შესაძლოა, მოხარულიც იქნებოდა, ვინმე დაეშალა, თუმცა საამისოდ ბერკეტები არ გააჩნია. ამ სისტემის პლუსი საზოგადოებრივ აზრზე ხელისუფლების მეტ დამოკიდებულებასა და ხალხის სულში ჩაფურთხების შეუძლებლობაში მდგომარეობს, მინუსი კი ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობის შეუძლებლობაა. ანარქია ხომ, როგორც ცნობილია, წესრიგის დედაა, ოღონდ თავისებური წესრიგის.

თბილისში - პირიქით, ძლიერი ხელისუფლებაა, მოქმედი ინსტიტუტები, ეფექტური ბიუროკრატია, ქმედითუნარიანი ძალოვანი უწყებები. ამ სისტემის პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ მისი გამოყენებით უფრო იოლია თანამედროვე, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობა, ხოლო მინუსი - იმაში, რომ ხელისუფლება თავს უფრო დაცულად გრძნობს და შესაბამისად, შეუძლია, თავს უფლება მისცეს, საზოგადებრივი აზრი უგულებელჰყოს.

და მაინც, სადღეისოდ ქართველებსა და აფხაზებს იდენტური გვაქვს გამოწვევაცა და არჩევანიც. აფხაზებისთვისაც და მით უფრო ქართველებისთვის გადარჩენა ევროპაშია.

აფხაზებს, რომლებიც მრავალი წელია, ექვემდებარებიან პროპაგანდას - „ევროპაში არავინ და არაფერია, ლგბტ-ს გარდა და ჩვენც აუცილებლად მოგვთხოვენ გეობასო“, ეს შესაძლოა, უცნაურად მოეჩვენოთ. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ აფხაზებს აწუხებთ ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლა და მართვის მანკიერი რუსული სისტემა, ნათელი ნიშანია იმისა, რომ სადღაც ღრმად, ქვეცნობიერ დონეზე ისინი ევროპისკენ ისწრაფვიან.

დღეს ქართველებიცა და აფხაზებიც ვიმყოფებით მოსკოვის დარტყმის ქვეშ, რომელსაც ძალუძს, ერთნიც გაანადგუროს და მეორენიც. რუსეთი - ეს არის ბილეთი ერთი მიმართულებით. და დღეს ორივეს სწორედ მას გვაჩეჩებენ...

თენგიზ აბლოთია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები