ჰოჯესი: არ მესმის, რატომ ცდილობს საქართველოს მთავრობა, თავი მიიჯაჭვოს გვამზე, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა

01-05-2024 09:39:40 ციტატა

"არ მესმის, რატომ ცდილობს [საქართველოს] მთავრობა თავი მიიჯაჭვოს გვამზე, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა. კრემლში მთავრობის მუდმივ დაცემას ვხედავთ. შეიძლება ამით [საქართველო-რუსეთის დაახლოებით], მთავრობაში რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს, მაგრამ თავად საქართველოსთვის იქ კარგი არაფერი ხდება. უბრალოდ შეხედეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - მათ ვერაფრით ისარგებლეს რუსეთის ოკუპაციაში ყოფნისას. საინტერესოა ისიც, რომ რუსი სამხედროები სომხეთიდან გაიწვიეს, რადგან ისინი უკრაინაში დასჭირდათ. ყველგან, სადაც რუსეთი თავის ბინძურ ხელებს ჰყოფს, ყველაფერი უარესდება, ან მთავრდება ქვეყნების მიერ იმის გააზრებით, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობა რუსეთთან, მათთვის სასარგებლო არაა. გარდა ამისა, ის რაც უკრაინაში ხდება, მნიშვნელოვანია. სიტუაცია უკრაინაში რთულია, მაგრამ 10 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთს თავიდანვე ყველანაირი უპირატესობა ჰქონდა, რუსეთმა უკრაინის მხოლოდ 5%-ის ოკუპირება შეძლო, ნახევარი მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, შავი ზღვის ფლოტის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, ან სევასტოპოლიდან გაძევებულია. რუსეთისთვის ჰორიზონტზე სინათლეს ვერ ვხედავ, თუ ისე მოხდა, რომ ამერიკამ, გერმანიამ და დასავლეთმა უკრაინის დახმარება შეწყვიტეს - მხოლოდ ასე შეუძლია რუსეთს მოგება. ასე რომ საქართველოს მთავრობამ, ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს, რა ხდება და გადაწყვიტოს თუ სადაა მათი მომავალი. სად აქვთ მათ საუკეთესო შანსი საქართველოს ახალგაზრდობის ნიჭისა და პოტენციალს გამოსაყენებლად? ეს ნამდვილად არ მოხდება მოსკოვში. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ისარგებლებს ამით [საქართველს მთავრობის] ზედა ეშელონებში და სულ ესაა", – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.

დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები