Anonymous საქართველოს პოლიციას „პირველად და უკანასკნელად აფრთხილებს"

01-05-2024 09:10:11 საზოგადოება

ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა მხარდაჭერა გამოუცხადა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და „ქართული ოცნების" ხელისუფლებას კიბერშეტევებით და მონაცემთა ბაზების გასაჯაროებით დაემუქრა.

1 მაისს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა თბილისის ცენტრში დემონსტრანტების წინააღმდეგ ისევ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და ფიზიკური ძალა, ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფმა აქციების მონაწილეებს მიმართა, რომ მარტო არ არიან და Anonymous-ის წევრები დაეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში.

ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობამ საქართველოს პოლიციას მიმართა, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება ინფორმაციის გასაჯაროება მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ. კერძოდ, Anonymous აცხადებს, რომ მოიპოვებს და ინტერნეტით გაავრცელებს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონული ფოსტის ბაზებს.

„ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა“, - წერია Anonymous-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ით გავრცელებულ მიმართვაში.

ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფი მიმართავს „რუსეთის მიერ მხარდაჭერილ "ოცნების" პარტიასაც“ :

„გახსოვდეთ, საქართველო რუსეთი არ არის და არასდროს იქნება. გველოდეთ".

1 მაისს Anonymous-მა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა თავის ვებსაიტზეც:

„ქართული ოცნების“ კანონპროექტს გამჭვირვალობასთან საერთო არაფერი აქვს და მიზნად ისახავს მხოლოდ მმართველი პარტიის პოზიციების გამყარებას და განსხვავებული აზრის და პრესის თავისუფლების ჩახშობას. ხალხის პროტესტზე მთავრობის რეაქცია და სპეცრაზმების გამოყენება აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არ სურს ყური დაუგდოს თავისი მოქალაქეების მოწოდებებს. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მოქალაქეების დემოკრატიულ უფლებებს, მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის დამოუკიდებლობას და იცავს გამოხატვის თავისუფლებას".

Anonymous გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს და სოლიდარობას უცხადებს მათ, ვინც იბრძვის საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის":

„ხალხმა თქვა: არა რუსულ კანონს!“

საერთაშორისო ქსელის, Anonymous-ის(ანონიმების) წევრები, რომლებიც თავს „ჰაკტივისტებს” უწოდებენ, აცხადებენ, რომ იდეოლოგიური მიზნებით მოქმედებენ და თავს ესხმიან და „სჯიან” იმ ხელისუფლებებს, კორპორაციებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ქმედებებსაც არ ეთანხმებიან.

Anonymous უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჰაკერთა მოძრაობამ პასუხისმგებლობა აიღო რუსეთის სახელმწიფო უწყებების და მედიის საიტებზე განხორციელებულ არაერთ კიბერშეტევაზე.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.

დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები