ომბუდსმენი: ხაბეიშვილმა გვითხრა, რომ მასზე გოგა მემანიშვილის თანდასწრებით იძალადეს

01-05-2024 04:43:08 საზოგადოება

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი კლინიკაში მოინახულა.

მისი თქმით, ენმ-ის თავმჯდომარე მიუთითებს, რომ მასზე პოლიციელებმა იძალადეს, ხოლო „ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, როგორ ეცემათ”. ომბუდსმენმა დააზუსტა, რომ საუბარია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილზე.

„ჩვენთან საუბარში ლევანმა თქვა, რომ მისი [მემანიშვილის] თანდასწრებით ხდებოდა ძალადობა. ალბათ, ჩვენებას მისცემს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს",– თქვა ომბუდსმენმა.

მისი თქმით, ყველა ინფორმაციაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შეიქმნება, გადაეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და განახორცელებს მონიტორინგს, როგორ წარიმართება გამოძიება.

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინგოროყვას კლინიკის ექიმის კახა ჭელიძის თქმით, პაციენტს ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება და მკაცრი რეკომენდაციაა, რომ ხაბეიშვილი სტაციონარში დარჩეს.

ომბუდსმენის თქმით, კლინიკაში ასევე შეიყვანეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც ასევე პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე მიუთითებდა. ასევე იმყოფებოდა აქციის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც კლინიკა იოსელიანის მისვლამდე დატოვა, თუმცა ომბუდსმენი ამბობს, რომ მის შესახებ ინფორმაციას მოიძიებენ.

იხილეთ ასევე: ვაშაძე ლევანმა მითხრა, რომ მის ცემას უყურებდა გოგა მემანიშვილი, მას თავდასხმისას ტელეფონით უღებდნენ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები