სალომე სამადაშვილი – „ოცნებას“: ნორჩი „ლენინელები“ მოგიგროვებიათ...ყველაზე კომიკური იყო კალაძის გამოსვლა, რომელმაც ხალხს უთხრა, თბილისი აქ დგასო

30-04-2024 13:54:52 პოლიტიკა

„ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილო "ქართული ოცნების" გუშინდელ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "შეშინებული მთავრობა საქართველოში დემოკრატიის გაუქმებას, დიქტატურის დამყარებას, ქართული სახელმწიფოს გაუქმებას და ქვეყნის ევროპულ მომავალზე უარის თქმას ჰპირდება საზოგადოებას".

„ვფიქრობ, გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან დღედ შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს ამ ქვეყანაში არანაირი მომავალი არ აქვს. არ აქვს მომავალი იმიტომ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და დადგა იქ, სადაც ქართველებმა სისხლი დაღვარეს საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. გამოგვიცხადა, რომ აპირებს პროვინციულ ლუკაშენკოდ გადაქცევას. აპირებს უარი თქვა ქართულ სახელმწიფოზე. უარი თქვას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. გუშინ ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორის ვიღაც ნორჩი „ლენინელები“ მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ „ჯენზის“ თავისუფალ თაობას ნორჩი „ლენინელების“ ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. თქვენ ამ ხალხის არ გესმით იმიტომ, რომ არ იცით, რა არის თავისუფლება. უკლებლივ ყველა, ვინც აქ სხედხართ, ბიძინა ივანიშვილის მონობაში ხართ გაყიდული“, - მიმართა სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

მისი თქმით, "გუშინდელ შეკრებაზე ყველაზე კომიკური იყო თბილისის მერის, კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს და უთხრა, თბილისი აქ დგასო".

"თბილისი გუშინ არ იდგა, მაგრამ არც თბილისი დადგება, არც ქუთაისი, არც ბათუმი, არც თელავი დადგება, არავინ დადგება მოღალატე ხელისუფლების უკან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები