ივანიშვილი: ჯერ კიდევ 2014 წელს ვხედავდი, რომ საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება შეეძლო, გაძლევთ პირობას, რომ 2030 წელს გავხდებით ბლოკის წევრი ქვეყანა

29-04-2024 21:55:02 ციტატა

„ჯერ კიდევ 2014 წელს დავაფუძნე „საზოგადოება 2030“. მაშინ ევროკავშირის წევრობა ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა და გაწევრიანებაზე საჯაროდ საუბარს ვერიდებოდი, რადგან საზოგადოებას ჩემი ჭარბი ოპტიმიზმი შეიძლებოდა არ მოსწონებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ მაშინ ვხედავდი, რომ საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება შეეძლო. დღეს, როდესაც 2030 წლამდე სულ რაღაც 6 წელია დარჩენილი, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერისა და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის.

გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის. თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები