დუშანბე მოსკოვს ტაჯიკების უფლებების დარღვევის გამო პროტესტს უცხადებს

29-04-2024 16:58:05 მსოფლიო

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორშაბათს უწყებაში გამოიძახეს რუსეთის ელჩი სემიონ გრიგორიევი. მას საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსეთის ტერიტორიაზე ტაჯიკეთის მოქალაქეების მიმართ „ხაზგასმით ნეგატიური დამოკიდებულების გამოვლენის მასობრივ შემთხვევებთან დაკავშირებით“.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა რუსეთში ტაჯიკების უფლებებისა და თავისუფლებების "ფართო დარღვევის" შესწახებ.

„ნოტაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედება გამოიყენება ექსკლუზიურად ტაჯიკეთის მოქალაქეებთან მიმართებით, რაც ფუნდამენტურად შეუთავსებელია ტაჯიკეთ-რუსეთის ურთიერთობების სულისკვეთებასა და ტრადიციებთან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

28 აპრილს ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის აეროპორტებში რესპუბლიკის ათასამდე მოქალაქეა ჩარჩენილი. გარდა ამისა, გამოცემა Asia-Plus-ი წერდა, რომ 22 აპრილიდან, ორენბურგის რეგიონში, ყაზახეთ-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 180 მანქანაა გაჩერებული ტაჯიკური ნომრებით. ამ ფონზე, ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა მის მოქალაქეებს, დროებით თავი შეიკავონ რუსეთში ყველა სახის ტრანსპორტით მგზავრობისგან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ შემოწმებები "კროკუს" მომხდარი ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით ახსნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები