ნაცვლიშვილი - მდინარაძეს: ეს კანონი, შეეხება თუ არა რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამხელენ ხელისუფლების კორუფციულ სქემებს?!

29-04-2024 11:40:51 პოლიტიკა

პარტია „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გამოსვლისას რამდენიმე კითხვით მიმართა.

"ეს კანონი, რომლის მიზანი და მოქმედების სფერო პირველი მუხლითაა დარეგულირებული, შეეხება თუ არა და გავრცელდება თუ არა რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეზე? - ეს არის პირველი კითხვა.

მეორე კითხვა, შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარი, მათ შორის ჯანმრთელობის რისკის ფასად 2008 წლის აგვისტოს ომიდან პირველივე დღეებში ახდენდნენ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების დოკუმენტირებას, საქართველოს მოქალაქეების სახელით ამზადებდნენ საჩივრებს სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ? შეეხებათ თუ არა ამ ორგანიზაციებს მოქმედების სფეროდან გამომდინარე. ახლა იკითხება, რომ შეეხებათ და გამოცხადდებიან უცხოური ძალების ინტერესების გამტარებლად. ადამიანები, რომლებიც იცავდნენ საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ. მაგალითად, საია, რომელსაც ასობით დარღვევა აქვს დოკუმენტირებული, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარი რისკის ფასად აგვისტოს ომიდან, როგორც კი შესაძლებელი გახდა შესვლა, ახდენდნენ დოკუმენტირებას რუსეთის მიერ ჩადენილი საერთაშორისო დარღვევებისა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

მესამე კითხვა, შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკეთებენ გამოძიებას და ამხელენ ხელისუფლების კორუფციულ სქემებს. შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკეთებენ დოკუმენტირებას და და ამხელენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის და დასახიჩრების, და უწევენ მათ დახმარებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის: დღეს საღამოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს. დღეს დილის 9 საათიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "აგენტების" შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. სხდომაზე პერიოდულად ხმაურია. კომიტეტის თავმჯდომარემ ამ დროისთვის [11:40] სხდომა ოთხ ოპოზიციონერ დეპუტატს დაატოვებინა. პარლამენტმა ონლაინმედია არც 29 აპრილის საკომიტეტო განხილვაზე დაუშვა.

28 აპრილს ახალგაზრდებმა, რომლებიც ზედიზედ, 9 დღეა, პარლამენტთან აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, შემდეგი განაცხადეს:

"ოცნების" კონტრაქციის დროს არანაირი აქტივობა არ გვექნება რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე".

მანამდე, 28 აპრილს, კვირა საღამოს, 7 საათზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია 120–ზე მეტი ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით გაიმართა.

კერძოდ, აქციის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. სიტყვით გამოსვლების შემდეგ მათ პარლამენტისკენ მოაწყვეს მსვლელობა. პარლამენტთან მისვლის შემდეგ მოხდა პოლიციასთან დაპირისპირება, პარლამენტის შენობის წინ, „ქართული ოცნების“ ხვალინდელი აქციისთვის გამზადებულ სცენაზე რამდენიმე დემონსტრანტის ასვლასთან დაკავშირებით. პოლიციამ მათ სცენაზე ასვლის უფლება არ მისცა.

თბილისის მერიამ განაცხადა, რომ აქცია „არასანქცირებულია“.

პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები - სპრეი/გაზი, თუმცა არ დაუზუსტებია, რა შემადგენლობის. დააკავეს რამდენიმე ადამიანი, - მათი რიცხვი შსს-ს არ დაუზუსტებია. დაკავებულთა შორისაა ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი. პეტრიაშვილს ედავებიან წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, - რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს.

აქციაზე მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასობით თანამშრომელი - „რობოკოპები“, რომლებსაც აირწინაღებიც ეკეთათ. საბოლოოდ, ვითარება განიმუხტა.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები