თარხან-მოურავი: 20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გეუბნება, "გაიწვიე ეს კანონიო", გაიწვიე! რატომ ვძაბავთ ურთიერთობებს?!

29-04-2024 11:42:14 პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან–მოურავი ეხმიანება "აგენტების კანონს" და ამბობს, რომ მისი მიღება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებზეა მორგებული.

„ეს სრულიად სხვა კანონია, რომელიც უფრო „ქართულ ოცნებაზე“ მორგებულია. მისი არსი საერთოდ გაუგებარია, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის რუსული კანონი, ისევე როგორც არ არის ევროპული. მე ხშირად ვამბობ, რომ ამ კანონის საჭიროება გაუგებარია, რადგან რეალურად დღევანდელი კანონმდებლობა სრულად იძლევა ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის გაკონტროლების საშუალებას. თუ რამე გაკლია, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, თუ გინდა, რომ დეკლარაცია უფრო დეტალური იყოს, ამისთვის საკმარისია, რომ დეკლარაციის შესახებ კანონში ჩაწერო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაცია უნდა იყოს უფრო დახვეწილი. ამასაც არ აკეთებენ. ახალი კანონი რა საჭიროა, არავის არ ესმის“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა „ობიექტივის“ ეთერში.

ის ახსენებს ხელისუფლებას, რომ ქუჩაში გასული ათასობით ახალგაზრდა ენმ–ის მომხრე არაა, როგორც ამის წარმოჩენას მმართველი გუნდი ცდილობს:

„20 000 ახალგაზრდა მომხრე „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავს. ეს არის ახალგაზრდა ხალხი. იქ შეიძლება, 1000 და 2000 კაცი არის „ნაცმოძრაობის“ მომხრე, დანარჩენები არ არიან. ამათ მართლა არ უნდათ, დაარწმუნეს ისინი, რომ ეს კანონი ცუდია და რუსულია. ჩემი აზრით, ეს კანონი საერთოდ არ არის საჭირო. ესენი ითხოვენ, რომ არ გვინდა კანონი და რა არის ასეთი ძნელი? 20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე, რა სიჯიუტეა ეს?! რა საჭიროა, რატომ ვძაბავთ ურთიერთობებს?!".

მისი შეფასებით, "ქართული ოცნება" თავისი მოქმედებით კიდევ უფრო აღიზიანებს ახალგაზრდებს და მეორე, იბიძგებს, რეალურად გახდნენ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები:

მე მახსოვს ეს ხელისუფლებაც, სააკაშვილის, შევარდნაძის და გამსახურდიას ხელისუფლებაც... ყველა უშვებს ერთ შეცდომას – ვერ ხვდება, რომ თავისი ქმედებებით რაღაც მომენტში ხალხის ზიზღს იმსახურებს. [...] ძალიან მძიმე პროცესები მიდის. რამდენჯერაც ასეთი პროცესი წავიდა და 20 ათასი ახალგაზრდა კაცი გარეთ გამოვიდა, 1 წელიწადში ის ხელისუფლება გაქრა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები