„ოცნების“ აქციის გამო რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა კვირა საღამოდან იზღუდება

28-04-2024 15:03:10 საზოგადოება

კვირა საღამოდან ორშაბათის ჩათვლით თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი დემონსტრაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება, ხოლო 20:00 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.

„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი, გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს - ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 29 აპრილს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს. იმავე დღეს დილის 9 საათზე პარლამენტში დაგეგმილია „აგენტების კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენა.

მანამდე, 28 აპრილს, კვირა საღამოს, 7 საათზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაა დაგეგმილი, 120–ზე მეტი ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები