ილია დარჩიაშვილი საქართველოს "ევროპული გზის დაზიანებაში" ევროპარლამენტს ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ "არანაირი შეფერხება ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ იქნება"

25-04-2024 18:01:58 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტს საქართველოს "ევროპული გზის დაზიანებაში" ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ "არანაირი შეფერხება ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ იქნება".

„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის რეზოლუციები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, მოტივირებული, რომლის მთავარი მიზანიც არის, დააზიანოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან შემოქმედნი მსგავსი ტიპის რეზოლუციების, შეგნებულად თუ შეუგნებლად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დაზიანებას. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას არაფერი შეაფერხებს და მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ანგარიშები ყოველ წელს, რომელიც მზადდება ჩვენი ვალდებულებების მიმართულებით. საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს იმ ვალდებულებებს, რომელიც გვაქვს ევროპელი პარტნიორებისგან. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს. ეს განცხადებებიც არის ანგაჟირებული პოლიტიკური მიზნით იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ვინც ამაზე საუბრობს, მგონი, ეს ხალხი არ ემსახურებიან საქართველოს ევროპულ ინტერესებს, საქართველოს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები