გახარია: ივანიშვილს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი შეაკავებს და არა საერთაშორისო ზეწოლა

25-04-2024 17:54:30 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის „შეკავება“ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

„არ დაიჯეროთ, რომ მას მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლა შეაკავებს. ივანიშვილს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი შეაკავებს. და მე კიდევ იმედი მაქვს დარჩენილი, რომ გონივრულობის და პრაგმატულობის ის დოზა და დონე, რომელიც ამ ადამიანს ყოველთვის ახასიათებდა. ამიტომ, ნუ გონია ნურავის, რომ ვინმე ჩვენს მაგივრად გააკეთებს საქმეს“,– თქვა გახარიამ „ფორმულას“ ეთერში.

მისი თქმით, გვაქვს მარტივი და იმავდროულად, რთულად შესასრულებელი გამოწვევწა: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში სამოქალაქო დაპირისპირება ავირიდოთ თავიდან, რასაც ფაქტობრივად, პროვოცირებს ხელისუფლება; ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ქვეყანა ზომიერად მივიყვანოთ არჩევნებამდე“.

ის გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ და ევროპარლამენტარებს მიმართა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე არ გადის:

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ის ქართველი ხალხის ისეთ მიღწევებს ეხება, როგორიცაა ვიზალიბერალიზაცია!..ეს რეზოლუცია არის ძალიან მძიმე საქართველოსთვის, როგორც ხლისუფლებისთვის, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია რა წერია იმ რეზოლუციაში, ამიტომ, პირველ რიგში, ის მძიმეა ქართველი ხალხისთვის! ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა ვემუშაოთ [ევროპარლამენტარებს]. თუ „ოცნება“ არ მუშაობს და იყენებს მსგავს რეზლუცებს თავისი პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვემუშაოთ. მინდა, თითოეულ ევროპარლამენტარს საქართველოდან ვუთხრა, „საქართველოს ინტეგრაცია ვერც სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის და კიდევ ვიღაცეების დასანქცირებაზე ვერ გაივლის, იმიტომ, რომ ეს ქართველი ხალხის მიზანია. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ არჩევნებამდე გვაქვს დარჩენილი ექვსი თვე, მეგობრებო, მოგვეხმარეთ იმაში, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, კონკურენტული და დემოკრატიული“. ეს არის დღეს ჩვენი მიზანი. თუ ვინმეს ეგონა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 9–პუნქტიან გეგმავს დარჩენილ შვიდ თვეში შეასრულებდა, რა თქმა უნდა, ეს ილუზია იყო“,– თქვა გახარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები