"ოცნების" რეაქცია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მისი ფარატინა ქაღალდობა საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ დამტკიცდა

25-04-2024 15:51:16 პოლიტიკა

"ქართულ ოცნებაში" ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას "ფარატინა ქაღალდს" უწოდებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ეს რეზოლუცია არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ აქვს და მისი ფარატინა ქაღალდობა არაერთხელ დამტკიცდა საქართველოსთან მიმართებით"

"ახლა განსაკუთრებით ხაზი გაესვა ამ რეზოლუციის არასერიოზულობას იმით, რომ მისი ინიციატორები იმაზეც კი არ დაფიქრდნენ, რომ აფხაზეთი ყირგიზეთთან ერთად ლამის სახელმწიფოდ მოიხსენიეს. ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, დღესაც ვსაუბრობთ ევროპარლამენტარების იმ ჯგუფზე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. ეს არ არის პირველი ასეთი დეკლარაცია, უკვე მეოთხეა რიგში. როგორც წინა 3 დეკლარაციას არ ჰქონდა არანაირი ფასი არც ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ასე დარჩება ეს დეკლარაციაც. სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ:

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის მფარველების გუნდი, რომელიც ავტომატურად არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები. ის, ვინც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ის ხალხი, რომელმაც თავის დროზე შეაგულიანეს მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველოსი შემოპარულიყო. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების სწრაფი მოქმედება, სააკაშვილის აღმოჩენა და დაკავება, რა იქნებოდა საქართველოს ბედი ამის შემდეგ და რა დატრიალდებოდა, ამ ევროპარლამენტარებს ნაკლები დარდი ექნებოდათ ამასთან დაკავშირებით, მშვიდად იქნებოდნენ თავიანთ დედაქალაქებში, ქართველებს რა ბედი გვეწეოდა, თავისი მიზნებისთვის რომ მიეღწია მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ის შემოიპარა, ეს ჩვენ უნდა გვეკითხა“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ რეზოლუციაში ისეთ თემაზე ჩანაწერის გაკეთება, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), კონსენსუსი, ანუ 27–ვე სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან".

"იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება და ეს საფუძველი შეკვეთილი და ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ იქნება, რომელსაც არავითარი ძალა ისედაც არ გააჩნია! მოკლედ, ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება! ამავე დროს, რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ასევე გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონპროექტების გაწვევის მოთხოვნას ეხება! ეს ნიშნავს, ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს და ის ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია!“, - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "დღევანდელი ევროპარლამენტი ევროპის სირცხვილია":

„ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა.

  • სააკაშვილის გათავისუფლება;
  • ივანიშვილის დასანქცირება;
  • გამჭვირვალობის კანონის გაწვევა;
  • ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა.

ავტორებმა, პროექტის დაინიცირებისას, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს… ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით! ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!” - წერს რატი იონათამიშვილი სოოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები