ჟურნალისტი – პაპუაშვილს „აგენტების რეესტრზე“: "ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შემდეგ ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი, მეოთხე მე ვიქნები!"

25-04-2024 15:28:49 საზოგადოება

"ბათუმელების" დამფუძნებელმა ეთერ თურაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ განიცდიდა დევნას წინა ხელისუფლებების დროს, მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ აიძულა ის, ნაცვლად კითხვების დასმისა, დაეფიქსირებინა პოზიცია, რადგან მმართველი გუნდი, მათ შორის, დამოუკიდებელ მედიას უპირებს „აგენტად“ გამოცხადებას.

„ქვეყანა თქვენ მიგყავთ რუსეთისკენ ამ კანონით, ეს არის ღალატი!",– თქვა თურაძემ.

ჟურნალისტმა პაპუაშვილს ის პერიოდი შეახსენა როცა ის უცხოურ ორგანიზაციაში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე მუშაობდა და შესთავაზა, საკუთარი თავით დაიწყოს „აგენტების რეესტრში“ რეგისტრირება:

"თქვენ თქვენი ამ კანონით ცდილობთ, გვიწოდოთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა. თუ ქართულ განმარტებით ლექსიკონს აიღებთ და წაიკითხავთ რა არის იქ აგენტი, პირდაპირ წერია, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი.

შესაბამისად, არც ერთ შემთხვევაში! მე 23 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიული განვითარებას და თქვენ ვერ დამაძალებთ მაგ იარლიყს!

მინდა შემოგთავაზოთ ერთი წინადადება - აგენტები როგორც წესი, არ იცვლიან პროფესიას, სულ აგენტები არიან. თქვენ მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში. მოდით დავიწყოთ რეესტრის გაკეთება არა 2023 წლიდან, არამედ 2000 წლიდან და ყველა ჩავეწეროთ ამ რეესტრში - ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შალვა პაპუაშვილი, რომელიც მე რომ მთელი რედაქციისთვის ხელფასს ვარიგებდი 2010-2011 წლისთვის, ალბათ თქვენ ერთი ადამიანი იღებდით მაგ ხელფასს. ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შემდეგ ჩაწეროს ბატონი პრემიერი, ირაკლი კობახიძე, შემდეგ ჩავწეროთ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფონდიც სრულიად უცხოური ფულით არის შევსებული ... მე ვიქნები მეოთხე" - შესთავაზა მან პაპუაშვილს.

მან თქვა, რომ როდესაც თავად უწევდა ბრძოლა ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ, ექვემდებარებოდა დევნას პროფესიული საქმიანობის გამო წინა ხელისუფლებების პირობებში, რომელზეც 12 წელია, საუბრობს „ქართული ოცნება“, მმართველი გუნდის წევრები მაშინ „არსად იყვნენ“, მეტიც რიგ შემთხვევებში თანამშრომლობდნენ ხელისფლებასთან:

„თქვენ პირადად ამ დოკუმენტით ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული და დადგება დრო, თქვენ საქმეს აუცილებლად გამოიძიებს პროკურატურა. იმიტომ, რომ თქვენ დამალეთ გადასახადები, ჩემი გათვლებით, დაახლოებით 200 ათასი ლარი. თქვენ რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონება გაიფორმეთ კანონის გვერდის ავლით“,– თქვა ჟურნალისტმა. მან გაიხსენა, რომ პაპუაშვილის ქონებასთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციამ მხოლოდ ტექნიკური შეცდომა დაუშვა, რომელიც აღიარა კიდეც, ხოლო ეს პაპუაშვილმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენა.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, „პრიმაკოვის ფონდი აქ როგორ აისახება? როგორ დაარეგულირებთ ფარცხალაძის მიერ ჩემოდნებით შემოტალილ ფულს? რუსეთიდან ლეგალურად შემოდის ფული? თქვენ ლეგალურად შემოტანილ ფულს ებრძვით, რადგან გინდათ გააუქმოთ არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია!“.

მოგვიანებით, პაპუაშვილის ჟურნალისტის განცხადებას სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:

  • „არ ვიცი, რა ძალაა ისეთი, რომელიც ერთხელ ბოდიშმოხდილ ამბავზე კიდევ წაგიყვანს ადამიანს ცილისწამებაზე, თუ არა ადამიანური ეთიკის ელემენტარულ წესებზე გადაბიჯება. კარგია, რომ, სამართლებრივად, იმდენს მაინც მიხვდა, ეს გამოცემა, რომ ტექსტად არ აქცია ის ცილისწამება, რაც მისმა რედაქტორმა იკადრა. მაგრამ ვიდეოს სახით რომ ავრცელებენ, ესეც ბევრზე მეტყველებს. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ასეთი ქცევა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უალტერნატივოა მედიის დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლის გამჟღავნების წინააღმდეგაც ეს გამოცემა იბრძვის. „გამჭვირვალობის კანონის“ არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“. თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთი დეზინფორმაციული მედიის უკან „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) დგას. ამით ყველაფერი ნათქვამია, ვინაიდან ამ ქცევაში არაფერია ქართული“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები