რუსეთმა და უკრაინამ ბავშვების დაბრუნებაზე მოლაპარაკებები დოჰაში გამართეს

25-04-2024 12:03:16 მსოფლიო

რუსეთმა და უკრაინამ ომის შედეგად დევნილი ბავშვების საკითხზე პირისპირ მოლაპარაკებები პირველად გამართეს. შეხვედრა კატარის შუამავლობით დოჰაში გაიმართა. ამის შესახებ რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა, რომელზეც ჰააგის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული სწორედ, რომ უკრაინელი ბავშვების უკანონოდ დეპორტაციის საქმეზე.

მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან უკრაინაში 29 ბავშვი დაბრუნდება, ხოლო 19 გაემგზავრება რუსეთში. სიები უკვე შედგენილია,– დასძინა მან.

კიევი ამბობს, რომ რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე 19 ათასზე მეტი ბავშვია გადაყვანილი. ლვოვა-ბელოვამ ამ ინფორმაციას ყალბი უწოდა.

იანვარში უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინაში 517 ბავშვი და 2828 ზრდასრული დაბრუნდა. 2023 წლის დეკემბერში მარია ლვოვა-ბელოვამ თქვა, რომ ყველა ბავშვი, ვინც 2022 წლის შემოდგომაზე შეცვლილი ფრონტის ხაზის გამო საყვარელ ადამიანებს მოწყდა, ოჯახებში დაბრუნდა. ბოლოს რუსეთის ომბუდსმენმა ბავშვების უკრაინულ ოჯახებში გადაყვანის შესახებ 2024 წლის 21 მარტს გაავრცელა ინფორმაცია. შემდეგ ხუთი ბავშვი უკრაინაში გადაიყვანეს, ერთი კი რუსეთში,– ამის შესახებ გამოცემა კომერსანტი წერს.

2023 წლის მარტში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გამოსცა დაპატიმრების ორდერი მარია ლვოვა-ბელოვასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ და მათ უწოდა "სავარაუდოდ პასუხისმგებელნი ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან დაკავშირებული ომის დანაშაულებში".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები