ირანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს პოპულარულ რეპერს

24-04-2024 20:04:46 მსოფლიო

ირანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს პოპულარულ რეპერ თომაჯა სალეჰის,– იტყობინება Reuters.

რეპერი მონაწილეობას იღებდა 2022-2023 წლების მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში. არტისტი თავის სიმღერებსა და საჯარო გამოსვლებში მხარს უჭერდა საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს.

ის 2022 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. 2023 წელს ირანის უზენაესმა სასამართლომ მას ექვსი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ისპაანის სასამართლომ გადასინჯა ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილება და სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა.

ადვოკატი განაჩენს გაასაჩივრებს.

2022 წლის სექტემბერში ირანი მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ. მაჰსა ამინი ზნეობის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის არასწორად ხმარებისთვის. ის შემდეგ საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც გარდაიცვალა. პოლიცია აღნიშნულს ინსულტს უკავშირებს, ნათესავები კი დარწმუნებული არიან, რომ პოლიციელებმა ის ცემით მოკლეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები