პაპუაშვილი აუსტრევიჩუსის განცხადებაზე განმარტებას ლიეტუვის საელჩოს სთხოვს

24-04-2024 11:34:40 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის გუშინდელ განცხადებაზე განმარტებას ლიეტუვის საელჩოს სთხოვს.

„აუსტრევიჩუსი არის, მათ შორის, ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, შესაბამისად, კარგი იქნებოდა თუ შესაბამის განმარტებას მოვისმენთ ლიეტუვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ამავდროულად, ჩვენ გვახსოვს, სამწუხაროდ, თავად ლიეტუვის ელჩის განცხადება 2021 წელს, როდესაც ნიკა მელიას დაკავება მოხდა, მაშინ მან ძალადობა უწოდა პოლიციის ქმედებას, რომელიც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო კანონით გათვალისწინებული ღონისძიება და თქვა, რომ ლიეტუვის მაშინდელი ელჩის განცხადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ასე რომ ეს არის ქართულ პოლიციაზე თავდასხმის ტენდენციები სამწუხაროდ, და კარგი იქნება თუ ლიეტუვის საელჩო ამ საკითხზე გააკეთებს განმარტებას, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური, იდეოლოგიური მხარდაჭერა იმ „მოლოტოვის კოქტეილებისა“, რომლის სროლაც ჩვენ ვნახეთ შარშან მარტში და ჩვენ ვნახეთ, რომ ამ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება იგივე ევროპარლამენტარების მიერ მართული „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ დაფინანსებით ხდებოდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: 23 აპრილს ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამართულ დებატებზე, მათ შორის საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, რომლის მთავარი თემა "აგენტების" კანონი იყო. ევროპარლამენტარებმა საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" მწვავედ გააკრიტიკეს და მას კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევისკენ მოუწოდეს.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარების ნაწილი, გამოვიდა მოწოდებით, სანქციები დაწესდეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

რა თქვა პეტრას აუსტრევიჩუსმა

"მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, დაუწესდეს პერსონალური სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებსა და აორგანიზებენ მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევას - ზვიად ხარაზიშვილსა და ვაჟა სირაძეს“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

დებატების შემდეგ 25 აპრილს რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ წარდგენილია რეზოლუციის 5 პროექტი.

გუშინ დებატების შემდეგ ცნობილი გახდა, რეზოლუციის პროექტების შემაჯამებელი ვერსია. კერძოდ, "რადიო თავისუფლების" ცნობით, შემაჯამებელ ვერსიაში აღნიშნულია, რომ ვიდრე "აგენტების კანონი" ძალაშია, მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას.

  • "წინა ვერსიებსა და ევროპარლამენტში გამომსვლელთა სიტყვებში ამ აქცენტების მიუხედავად, ამ ეტაპზე, შეჯერებული რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში, არ არის მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის ან პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. ამ ეტაპზე, რეზოლუცია არც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას ითვალისწინებს და არც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის გადახედვას, როგორც ერთ-ერთი პროექტი ითვალისწინებდა. თუმცა შესაძლოა, კენჭისყრამდე რეზოლუციის პროექტში კიდევ შევიდეს ცვლილებები", – იტყობინება "რადიო თავისუფლება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები