აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში  "აგენტების" შესახებ კანონპროექტს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან

23-04-2024 23:35:07 პოლიტიკა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში "აგენტების" შესახებ კანონპროექტს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, აშშ მხარს უჭერს ხალხის უფლებას მშვიდობიანი პროტესტისა და დემონსტრაციის შესახებ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი და გმობენ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ პროტესტს ძალადობრივ სახეს მისცემდა.

"მსგავსი საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც ანადგურებს მედია ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სხვა საკითხებს“, – განაცხადა პატელმა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები