ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: "აგენტების კანონის" მიღების შემთხვევაში მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირება და მოწოდება საბჭოს მიმართ, განიხილოს ივანიშვილის დასანქცირების საკითხი

23-04-2024 19:00:33 პოლიტიკა

ევროპარლამენტში ინიცირებულია რეზოლუციის პროექტი „საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი:

"გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის ხელახალი შემოტანის გამო და მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ტექსტითაც და სულისკვეთებითაც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან; ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი არღვევს მინიმუმ ორ ნაბიჯს (1 და 9), რომელიც ასახულია ევროკომისიის რეკომენდაციაშია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ;

გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსული სტილის კანონის მიღება "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს პროევროპულ გზას და თვლის, რომ ვიდრე ასეთი კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია, ნებისმიერი გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციისკენ სამუდამოდ უნდა შეჩერდეს; მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ხელახალი შემოტანა, ხელისუფლების მიერ 2023 წელს აღებული საჯარო ვალდებულებების დარღვევით, ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ვინაიდან კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, რა გზაზეც დგანან რუსეთის ფედერაცია და სხვა მის მსგავსად მოაზროვნე ქვეყნები;

შეშფოთებულია, რომ შემოთავაზებული "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონი ძირს უთხრის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობას, რომლებიც არიან საუკეთესო და ეფექტური სუბიექტები მთავრობის საქმიანობის შემოწმებისა და მონიტორინგისთვის; აფრთხილებს, რომ თუ ეს კანონი მიიღება, ეს შეასუსტებს კონტროლისა და ბალანსის სისტემას საქართველოში;

მიიჩნევს, რომ ასეთი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს; მხარს უჭერს ქართველ ხალხს ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში და მხარს უჭერს მათ სურვილს, იცხოვრონ აყვავებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს პოლიტიკურ თავისუფლებას, თავისუფალ მედიას და ღია საზოგადოებას და იცავს ადამიანის უფლებებს;

მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრზე, ვინც ამ კანონს ხმა მისცა; იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოს მიმართ, განიხილოს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი; მოუწოდებს კომისიას, რომ საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარების წინაპირობად ამ კანონის გაუქმება გახადოს.

მიიჩნევს, რომ "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" მიღებული კანონის შესაძლო უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით, კომისიამ უნდა მოამზადოს შუალედური ანგარიში ცხრა ნაბიჯის განხორციელების შესახებ და წლიური ანგარიში, გამონაკლისის სახით, წარმოდგენილი უნდა იყოს ოქტომბრის დასაწყისში;

მოუწოდებს პარტია „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონის შემდგომი მიღებისგან და გააუქმოს იგი, რათა საფრთხე არ შეუქმნას საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივას;

ავალებს თავის პრეზიდენტს გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/ბლოკის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს".

რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები