პრემიერი: მარტში ჩვენ გვქონდა 61%-ზე მეტი რეიტინგი და ამ კანონის ინიცირების შემდეგ დარწმუნებული ვარ, ეს რეიტინგი გაიზრდებოდა

23-04-2024 15:37:29 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ– მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ "აგენტების" შესახებ კანონპროექტის ინიცირების შემდეგ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" რეიტინგი გაიზრდება.

მან 29 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "ოცნებას" აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და როცა 10-15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ხალხის სახელით, მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც მოუწოდებდნენ მმართველ პარტიას ეჩვენებინა, სად დგას ხალხი".

„ყველა ხედავთ, რომ ძალიან ბევრი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით და ესენი არიან არსებითად ის ადამიანები, რომლებიც სწორედ რომ პოლიტიკურად არიან გაკოტრებული და, რომლებსაც არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. მაგალითად, რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეიტინგი არის რადიკალურად შემცირებული, საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ასევე „ენჯეოები“ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს აქვთ რეკორდულად მცირე ნდობა ქართულ საზოგადოებაში. სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, რომელიც მთლიანად პოლიტიკურად დისკრედიტირებულია ქართველი ხალხის თვალში. ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც, მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60%-ს. მარტში გვქონდა ჩვენ 61%-ზე მეტი რეიტინგი და ამ კანონის ინიცირების შემდეგ დარწმუნებული ვარ, ეს რეიტინგი გაიზრდებოდა. უახლოეს მომავალში გაიზომება ასევე ახალი რეიტინგი. როდესაც მმართველ გუნდს, ხელისუფლებას აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10 და 15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, გვეჩვენებინა, სად დგას სინამდვილეში ხალხი. ხალხი დგას ხელისუფლების მხარეს, 60%-ზე მეტია ჩვენი რეიტინგი და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიცირებული, მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანუ ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება. ძალიან მნიშვნელოვანია 29 აპრილს გასამართი ღონისძიება და მოვუწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღონ ამ ღონისძიებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

"ქართული ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" აანონსებს.

„ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მმართველი პარტიის ამ განცხადებით ირკვევა, რომ დათვალეს „აგენტების" შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. მათი დათვლით, აქციაზე მივიდა 9500 ადამიანი.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები