ციხიდან შეცდომით გაათავისუფლეს ნარკოკარტელის ლიდერი ხუთწლიანი ძიებისა და დაკავების შემდეგ

23-04-2024 15:20:17 მსოფლიო

ესპანეთის შესაბამისი უწყებების არასათანადო ყურადღების გამო ციხიდან გაათავისუფლეს ნარკოკარტელის ლიდერი, რომელიც ასევე, ჰოლანდიის პრინცესის და პრემიერ–მინისტრ მარკ რუტეს დახოცვით იმუქრებოდა,– წერს Politico.

Mocro Maffia-ს ლიდერი კარიმ ბუიაჰრიჩანი გასული წლის იანვარში დააკავეს ქალაქ მარბელაში მასშტაბური ოპერაციის შედეგად ფულის გათეთრების საქმის ხუთწლიანი გამოძიების შემდეგ.

ნიდერლანდებმა ესპანეთის სასამართლოს მეშვეობით წარადგინა მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ, რათა ის ჰოლანდიაში გაესამართლებინათ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით.

მადრიდის ეროვნულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა, მაგრამ მალაგას რეგიონულმა სასამართლომ, რომელსაც აქვს იურისდიქცია იმ ტერიტორიაზე, სადაც ბუიაჰრიჩანი დააკავეს, უარი თქვა მოთხოვნის შესრულებაზე, რადგან ჩათვალა, რომ მან ჯერ უნდა უპასუხოს ფულის გათეთრების ბრალდებას ესპანეთში.

ჰოლანდიამ გაასაჩივრა გადაწყვეტილება და შეიტანა კიდევ ერთი სასწრაფო მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არის ინტერპოლის ერთ-ერთი მთავარი ძებნილი ათწლეულის განმავლობაში და სურთ, პასუხსიგებაში მისცენ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ომისთვის, რასაც ათეულობით მკვლელობა მოჰყვა ბელგიაში, ესპანეთსა და მაროკოში.

როგორც ამ კვირაში გაირკვა, ეროვნულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ნიდერლანდების მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ, თუმცა მან არ იზრუნა, დაეტოვებინა პატიმრობაში ბრალდებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შესაბამისად, ვინაიდან გასულ თვეში, ფულის გათეთრების საქმეზე წინასწარი მოსმენის დროს მოსამართლე დათანხმდა 50 000 ევროს ოდენობის გირაოს. ბრალდებულმა ეს თანხა გადაიხადა და საპატიმროც დატოვა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

ამ ისტორიის კონტექსტში გაიხსენეს, რომ 2022 წელს ნიდერლანდების პრინცესა ამალია იძულებული გახდა, დაეტოვებინა სტუდენტური საცხოვრებელი და დაბრუნებულიყო სასახლეში მას შემდეგ, რაც პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ბუიაჰრიჩანი გეგმავდა მის გატაცებას ან მკვლელობას.

ჰოლანდიური De Telegraaf-ის ცნობით, ბუიაჰრიჩანმა, სავარაუდოდ, პოტენციური სამიზნეების სიაში ასევე შეიყვანა ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრი მარკ რუტე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები