მამუკა მდინარაძე: პირადად ჩემი დავალებაა პარტიული დანაყოფების მიმართ, თუ ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ ორგანიზებულად წამოსვლა

23-04-2024 14:42:32 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პირადად მისი დავალებაა პარტიული დანაყოფების მიმართ, თუ ვინმეს წამოსვლა უნდა 29 აპრილის აქციაზე, უზრუნველყონ ორგანიზებულად წამოსვლა.

მისივე განცხადებით, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის საჯარო მოხელეებს, რომლებსაც აქციაში მონაწილეობა სურთ, შეუძლიათ შვებულება აიღონ.

"29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდო ლიბერალებში, „ნაცმოძრაობაში“, რადიკალურ ოპოზიციაში. ახლა დასდევენ, საჯარო მოხელე იქნება თუ – არა. საჯარო მოხელე ხელისუფლების საწინააღმდეგო ერთ პოსტს რომ დადებს, ერთი ვინმე რომ გამოჩნდება „ფეისბუქში“, სოციალურ ქსელებში ან აქციაზე, მთელი კამპანია აქვთ ხოლმე ამასთან დაკავშირებით აგებული, რომ საჯარო მოხელემ ხელისუფლებას პროტესტი გამოუცხადა. ვერ წარმოუდგენიათ, რომ საჯარო მოხელეს შეუძლია, პროტესტიც განუცხადოს და მხარიც დაუჭიროს. ესენი ადამიანები არ არიან? გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ და იქნებიან სხვა მოქალაქეებიც, ორჯერ და სამჯერ მეტი, ამიტომ არიან ისტერიაში. საჯარო მოხელეები, ასე რომ მოიხსენიებენ ამ ხალხს, რას ნიშნავს, რა უბედურებაა, რა შეურაცხყოფას აყენებენ, თავი დაანებონ. დიახ, პარტიული დავალებაა, რომ პარტიის წარმომადგენლების - საჯარო მოხელეები იქნებიან ისინი, თუ არა, ორგანიზება მოხდეს. მათ შორის, პირადად ჩემი დავალებაა, პარტიული, რომ ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ (ასე დავარქვათ, თუ გნებავთ, რომ გავამძაფრო), რომ თუკი ვინმეს უნდა აქციაზე წამოსვლა, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში, აქციაზე და შეკრებაში მონაწილეობის მიღება. მიზანი არის, რომ დავანახოთ, ვინ უჭერს მხარს სწორ ეროვნულ პოლიტიკას, გამჭვირვალობას, რეალურ დემოკრატიას, რეალურ ევროპელობას. საჯარო მოხელეებს რას უკრძალავენ ან მასწავლებლებს რას უკრძალავენ?! თუკი ვინმეს უნდა იმ დღეს რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა. ტელევიზიის მეშვეობით, ტელეკამერების მეშვეობით მივმართავ - ვისაც ამის სურვილი არ აქვს, წამოყვანაზე ერთი ადამიანის დარწმუნებაც არ სცადოს ჩვენმა პარტიულმა აქტივმა. თუ ვინმეს სურს, რომ ხელისუფლების სწორ ეროვნულ პოლიტიკას, გამჭვირვალობას, რეალურ ევროპელობას და ამგვარ დემოკრატიას დაუჭიროს მხარი, დიახ, უზრუნველყონ მათი მონაწილეობა და მიეხმარონ კიდეც, რომ გადაადგილდნენ დედაქალაქის მიმართულებით. იმ ხალხის გაშავებას ყველამ თავი დაანებეთ, კეთილი ინებეთ, პატივი ეცით საჯარო მოხელესაც, იმ ადამიანსაც, რომელიც საჯარო მოხელე არ არის. იქნება ძალიან ბევრი, ათი ათასობით ადამიანი, რომელიც საჯარო სამსახურში არ არის, მათ შორის საჯარო მოხელეებიც. ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება - ახალგაზრდაც, ხანში შესულიც, შუა ხნის, ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება იმ დღეს და ეს იქნება სრული ფიასკო იმ ნარატივისა, თითქოს ხალხს რაღაც უნდა. რას ნიშნავს, ხალხს რაღაც უნდა და უპირისპირდებიან აქციითო. ხალხი არ არიან ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში არ მუშაობენ და გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკის მიმართ? ბოლოს, ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ არის მიმართული ეს ყველაფერი. ბოლოს, ხომ ყველამ ვიცით, რომ ახლა რაზეც დავდივართ, საყოველთაო სახალხო განხილვებზე და კონსტიტუციურ ცვლილებებს, რაზეც ვაანონსებთ, იმასთან დაკავშირებული შავი ფულის გამოჩენა არ უნდათ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და საერთო ჯამში, ოჯახური ღირებულებების კანონს რომ ვიღებთ და იქ ჩუმ-ჩუმად რომ ღლიცინებენ რაღაცებს, არ უნდათ, ეზიზღებათ ეს კანონი. ეძახიან ჰომოფობიურს. ეზიზღებათ გამჭვირვალობა, ეძახიან რუსულს. გამჭვირვალობას რუსულს ეძახიან და არ გამოვა ასე. ეროვნულ ინტერესებს ვერც რუსულს დაარქმევს ვინმე, ვერც ჰომოფობიას. ის ხალხი, საჯარო მოხელეებიც, პედაგოგებიც, ახალგაზრდებიც, სტუდენტებიც, პენსიონერიც და ნებისმიერი კატეგორიის ადამიანი, ათი ათასობით ადამიანი მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას იმ დღეს - მამულს, ენას და სარწმუნოებას. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხისადმი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ქართული ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" აანონსებს.

„ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მმართველი პარტიის ამ განცხადებით ირკვევა, რომ დათვალეს „აგენტების" შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. მათი დათვლით, აქციაზე მივიდა 9500 ადამიანი.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები