ევროპარლამენტარი: სწრაფად უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ

23-04-2024 14:37:54 ციტატა

"ახლა ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებზე, რადგან როგორც ნიკამ [გვარამია] სწორად აღნიშნა, ეს "უცხოური აგენტების კანონი" პირველ რიგში სამიზნეში იღებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებზე დაკვირვებას მოითხოვენ და აკრიტიკებენ დარღვევებს. რა თქმა უნდა, ამ არასამთავრობოების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია ადრეც მიმდინარებდა, მაგრამ ახლა ეს უკვე სამართლებრივი დევნის ეტაპზე გადადის. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი კანონი მიიღეს "ოფშორების შესახებ", რომელიც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ სანქციების შემთხვევაში თავისი აქტივები საქართველოში გადაიტანოს. ამიტომ, ჩვენ სწრაფად უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საკითხს ეძღვნებოდა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები