ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 18-21 აპრილი

23-04-2024 14:33:13 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში ცილისწამებისთვის სასჯელის გამკაცრებაზე იმსჯელეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში განხილულ იქნა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ინიციირებული ცვლილებები, რომლებიც ცილისწამებისთვის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამკაცრებს. კერძოდ, „კანონპროექტი“ ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას და 200 ათასი რუსული რუბლის ოდენობით (დაახლოებით, 5,7 ათასი ლარი) ჯარიმის დაკისრებას ცილისწამებისთვის, ანუ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც პირის ღირსების შელახვას ისახავს მიზნად. საჯარო გამოსვლაში, გამოქვეყნებულ მასალებსა, მასმედიის საშუალებებში და საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში, მათ შორის ინტერნეტ-რესურსებში გამოყენებული ცილისწამება ისჯება თავისუფლების აღვეთით ექვს წლამდე ვადით. ამავდროულად, „კანონპროექტის“ თანახმად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

დე ფაქტო პარლამენტის სახელმწიფო-სამართლებრივი კომიტეტის სხდომაზე „კანონპროექტი“ ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას წარმომადგენელმა, ბატალ აიბამ წარადგინა და „დეპუტატებს“ დოკუმენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კანონპროექტის წინააღმდეგ ადგილობრივი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოვიდნენ. „ჩრდილოეთ კორეა ისვენებს“, - ასეთი იყო ერთ-ერთი ოპოზიციონერის, კან კვარჩიას შეფასება. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა ადგურ არძინბამაც გააკეთა: „აუცილებელია, გამკაცრდეს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების პასუხისმგებლობა იმ დაპირებებზე, რომლებსაც ისინი არჩევნების დროს გულუხვად გასცემენ მიუხედავად იმისა, რომ მათ შესრულებას საერთოდ არ აპირებენ. ამის სანაცვლოდ, ასლან ბჟანია ცდილობს იმ მოქალაქეების შეზღუდვას, რომლებიც მას 2020 წელს ხალხის მოტყუების გამო სამართლიანად აკრიტიკებენ“.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს ასევე არ დაეთანხმა ე.წ. ომბუდსმენი ანას ქიშმარია. მისი თქმით, „კანონპროექტის“ მიღება ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის მასობრივ სისხლისსამართლებრივ დევნას გამოიწვევს.

შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, ხანგრძლივი განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ, „საპარლამენტო კომიტეტის“ წევრებმა ე.წ. კანონპროექტის დამტკიცებას რეკომენდაცია არ მისცეს.

ალექსანდრ ანქვაბი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელს შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენელთან, სოხუმის ოფისის ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან ჩინგიზ რაიმბეკოვთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა აფხაზეთში მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

ICRC-ის ოფისის საქმიანობის შეფასებისას, ალექსანდრ ანქვაბმა ხაზი გაუსვა მის წვლილს აფხაზეთში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებაში. „დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობას. მთავრობა დაინტერესებულია აფხაზეთში მოქმედ მისიასთან მრავალწლიანი ურთიერთობის შემდგომი გაგრძელებით, კერძოდ, რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროცესში. ვიცით, რომ მისია სწორედ ამ საქმიანობაზეა ორიენტირებული და მზად ვართ, შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში საჭირო დახმარება გაგიწიოთ“, - დასძინა მან.

აფხაზურ საზოგადოებაში „უცხოური აგენტების შესახებ კანონზე“ მსჯელობენ

ტელეგრამ არხი „ოკნო“, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ წარმომადგენლებს ეკუთვნის, აქვეყნებს პოსტს „უცხოური აგენტების შესახებ“ აფხაზური „კანონპროექტის“ თანმდევ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

პოსტის ავტორები აღნიშნავენ, რომ უცხოურ აგენტებად შერაცხული საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ვეღარ შეძლებენ მონაწილეობას ცენტრალურ და ადგილობრივი მმართველობის დონეზე მოქმედი კომისიების, კომიტეტების თუ სხვა სტრუქტურების საქმიანობაში. „საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ ხელისუფლებასთან არსებულ სხვადასხვა საბჭოში. ჩვენი მონაწილეობა მოთხოვნადია იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი ექსპერტული გამოცდილება გაგვაჩნია. სამოქალაქო სექტორთან კავშირის განადგურება დაუყოვნებლივ უარყოფით შედეგს გამოიწვევს - გაწყდება საზოგადოებასთან კომუნიკაციის არხი და რიგი პრობლემები კვლავ შეუსმენელი დარჩება. დღესდღეობით სწორედ სამოქალაქო აქტივისტების დაჟინების დამსახურებაა, რომ შესაძლებელია საზოგადოებისთვის შემაწუხებელი კონკრეტული პრობლემების მოგვარება სახელმწიფო დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ „კანონპროექტის“ დამტკიცების შემდეგ აიკრძალება აგენტებად შერაცხული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ „საკანონმდებლო აქტების“ გაანალიზების შედეგების გავრცელება ინტერნეტისა თუ მასმედიის საშუალებით. ავტორების შეფასებით, საზოგადოება ვეღარ შეძლებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეშვეობით „კანონმდებლობის“ გაუმჯობესების პროცესზე ზემოქმედებას, რაც უსამართლო და დისკრიმინაციულ ტენდენციებს გააძლიერებს.

პოსტის ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებენ, რომ აგენტებად შერაცხულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა. „საარჩევნო კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე საკუთარი დამკვირვებლები გააგზავნონ. კანონის მიღების შემთხვევაში ეს შეუძლებელი გახდება. ფაქტობრივად, აღარ იქნება საარჩევნო პროცესის მიუკერძოებელი შეფასება. როგორც ჩანს, ამ არაკონსტიტუციური აკრძალვის მიზანი სწორედ ეს არის“, - აღნიშნულია ტელეგრამ-პოსტში.

განცხადების ავტორების დასკვნით, „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის“ დამტკიცება ნიშნავს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება უარს იტყვის საკუთარ ვალდებულებაზე, უზრუნველყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეების მონაწილეობა, თუ ისინი აგენტად შერაცხულ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მუშაობენ. „ეს აკრძალვები ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანისა და მოქალაქის სტატუსს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს“, - ხაზგასმულია განცხადებაში.

აფხაზეთში ინალ არძინბას ახალ გადაცემას აკრიტიკებენ

სოციალური ქსელის მომხმარებლები ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას ახალი საქმიანობის გამო. კერძოდ, რუსეთის „პირველ არხზე“ დაიწყო ახალი სატელევიზიო პროექტი სახელწოდებით „გლობალური უმრავლესობა“, რომლის ავტორი და წამყვანი სწორედ ინალ არძინბა გახდა. მისი პირველი გადაცემა ეთერში 21 აპრილს გავიდა და სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს მიეძღვნა.

„ყველაზე მაგარი არის ის პროექტი, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისოდ აღიარებულ სირიას აპიარებს და ვითომ ამით აფხაზეთსაც აპიარებს. მაგრამ სინამდვილეში, მთელი მსოფლიო ამ მინისტრს აღიქვამს როგორც რუსული ტელეარხის წამყვანს, ან, საუკეთესო შემთხვევაში, როგორც რუს ჩინოვნიკს“, - აღნიშნავენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. პოსტის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ინალ არძინბას გადაცემა მიჰყავს როგორც კერძო პირს, და არა როგორც „აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს“. „როგორ წარმოაჩენს პირველი არხი ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს? უბრალოდ როგორც ინალ არძინბას. და როგორ წარმოაჩენს სირიის ლიდერს? როგორც სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს“, - აღნიშნავენ ისინი.

სოციალური ქსელის მომხმარებლები აქვე დასძენენ, რომ თანამემამულის ხილვა რუსული ტელეარხის ეთერში, ბუნებრივია, უხარიათ, თუმცა იმედგაცრუებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ მათი აზრით, „ოფიციალურ დონეზე“ ხდება აფხაზეთის დისკრედიტაცია.

„როგორ ფიქრობთ, შეეძლო თუ არა ვლადისლავ არძინბას, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას საერთაშორისო ასპარეზზე იცავდა, სერგეი შამბა პირველი არხის ტელეწამყვანად წარმოედგინა?“, - ამ რიტორიკული კითხვით მთავრდება მათ მიერ გავრცელებული ტელეგრამ-პოსტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები