"არ არსებობს შანსი, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს", "კანდიდატის სტატუსი გამოწვეული უნდა იყოს" –  ევროპარლამენტარები კითხვაზე, რა მოხდება, თუ "ოცნება" "აგენტების კანონს" მიიღებს

23-04-2024 14:16:08 პოლიტიკა

ევროპარლამენტარების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ " ქართული ოცნება" "აგენტების შესახებ" კანონს მიიღებს, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება.

რიგი ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში კანდიდატის სტატუსიც უკან უნდა გაიწვიონ.

ამის შესახებ ევროდეპუტატებმა სტრასბურგში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრეს, რომელიც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საკითხს ეძღვნებოდა.

"რა მოხდება, თუ "ქართული ოცნება" რუსულ კანონს მიიღებს და რა იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება", - "მთავარი არხის" ამ კითხვის საპასუხოდ ევროპარლამენტარებმა შემდეგი განაცხადეს:

  • "თუ ეს კანონი [რუსული კანონი] იქნება მიღებული, არ დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირში შესვლაზე. ასეთი ტიპის კანონის მიღებით ევროკავშირში თქვენ ვერ შეხვალთ და მე ვფიქრობ, რომ მაშინ კანდიდატის სტატუსი გამოწვეული უნდა იყოს", – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.
  • "ჩემი ჯგუფის სახელით, შემიძლია, ვთქვა, არ არსებობს შანსი, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს ასეთი კანონის მიღების ფონზე", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
  • "ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, ყველაფერი სწორად იქნება ჩატარებული. რასაკვირველია, პრობლემაა და მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ყური დაუგდოს ქართველ ხალხს. ვხედავთ მასიურ პროტესტს. ძალიან უცნაური იყო ისეთი კანონის ხელახლა შემოღება, რომელიც ამდენი დაპირისპირების მიზეზი გახდა", – თქვა ანა ფოტიგამ.
  • "ეს კანონი და კანონი "ოფშორებზე", ნამდვილად ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. ეს კანონი უარყოფს ორ რეკომენდაციას, რომელიც მიეცა საქართველოს და ეს შეიძლება, იყოს დიდი დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე", - აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები