აუსტრევიჩუსი – "აგენტების კანონზე": ეს არ არის ევროპული პრაქტიკა, ჩვენ არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება, ეს ემუქრება საქართველოს ევროპულ გზას

23-04-2024 14:06:35 ციტატა

"საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი არის დასავლური პრაქტიკა, რომ მასში ცუდი არაფერია და რომ თითქოს ჩვენ ევროკავშირში ანალოგიური კანონები გვაქვს, ამიტომ ამ კანონის მიღებით საქართველო უბრალოდ გაჰყვება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის კვალს. ეს არის ტყუილი. მსგავსი არაფერი ხდება. ევროკავშირში ჩვენ არ ვცდილობთ, ვაკონტროლოთ არასამთავრობოები, როგორც ქართული ოცნება ცდილობს, გააკეთოს ეს საქართველოში. ეს არ არის ევროპული პრაქტიკა, ჩვენ არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება. ამიტომ, ეს ემუქრება საქართველოს ევროპულ გზას", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა სტრასბურგში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საკითხს ეძღვნებოდა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები