"ოცნებაში" აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აკრიტიკებენ

23-04-2024 13:12:23 პოლიტიკა

"ქართულ ოცნებაში" აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოში 2023 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ აკრიტიკებენ.

„ამონარიდები ვნახე, მათ შორის კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩანაწერი აღმოვაჩინე. აქ უკვე კომენტარიც რთულია. კრიმინალზე ვსაუბრობთ, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. ვხედავთ, რომ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, საქართველოს ჯარს მოჰპარა ფული. ეს სახელი და გვარი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა, ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაღაც მინიშნებად ჩანს, ეს ანგარიშს აყენებს ჩრდილს, აჩვენებს, რომ არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. კრიმინალის ნებისმიერ დოკუმენტში რაიმე პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა თავად ამ დოკუმენტს ვნებს.

რაც შეეხება გვარამიას საქმეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ერთი სპეციფიკა აქვს - „როგორც ამბობენ“, ეს „ამბობენ“ არიან ის „ენჯეობი“, რომლებიც ფინანსდებიან ამერიკული, ან ევროპული წყაროდან. ვხედავთ, რომ დეზინფორმაციას ავრცელებენ, იმისთვის, რომ ანგარიშის რომელიმე ფურცელზე ეს წინადადებები ამოვიკითხოთ. რაც შეეხება „ამბობენს“ და ამ ჭორს, ჭორ-მართალს პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ. სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია გადაიკითხოს. დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია, რომ ის ეფუძნება მონათხრობებს, მტკიცებით ფორმაში არ ამბობს, დიდი ალბათობით „ენჯეობის“ მონათხრობს ეფუძნება. როდესაც ნებისმიერი ამბავი აისახება ანგარიშში, ეს ხდება ანგარიშის შემდგენლის პასუხისმგებლობა. როდესაც თავს იჩენს ასეთი ცრუ ინფორმაცია დეპარტამენტის ანგარიშში სამწუხაროა, ჩრდილს აყენებს ანგარიშს. კეზერაშვილი რომ რომელიმე ანგარიშში პოზიტიურად იქნება წარმოჩენილი, ანგარიშის პრობლემაა“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რეალობა არ შეესაბამება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩაწერილს:

"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არაერთი სიცრუე მოხვდა. პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვისა და რაღაც გადახვეული დიპლომატიური საუბრის გარეშე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ [მოხვდა] სიცრუე, რომელიც ამხილა სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ. სტრასბურგსაც და სახელმწიფო დეპარტამენტსაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ხომ ვიცოდით, რაღაცა ავტომანქანის გამოყენებაზე. ფაბულა ვიცოდით ამ საქმეზე. ადამიანმა მიითვისა, გაფლანგა ის, რაც უნდა შესულიყო მაშინდელ „რუსთავი 2“- ში, წავიდა მათ ჯიბეებში თუ მათ მეგობრების ჯიბეებში და მათ პირად საკუთრებებში. რა სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენება? ჯერ, სიმართლე რა არის ის ვთქვათ. მანქანაზე რომ იყვნენ ჩაბჟირებულები, ის მანქანა უნდა მოხვედრილიყო ბარტერის სანაცვლოდ „რუსთავი 2“-ის ბალანსზე და მოხვდა სხვის ბალანსზე. ეს არის სიმართლე. რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა სიცრუე. რეალობა, რაც მე მოგიყევით, არ შეესაბამება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩაწერილს. მაგრამ ამასვე უარყოფს სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც ერთი ხარვეზიც ვერ იპოვეს, რომ წარმოებაში მიეღოთ".

მდინარაძის განცხადებით, „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ იმ დაკვეთას, რომ საქართველოში უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები“:

„არ არის ეს პოლიტპატიმარი ამ საქართველოში. ქართული „ენჯეო“ ორგანიზაციების ინფორმაცია რომ არ ყოფილიყო, ვინ მოიფიქრებდა და ვინ იკადრებდა იმის თქმას, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, კვდება და უნდა გავათავისუფლოთ. დემარში იყო. აღმოჩნდა ტყუილი. გვარამია პოლიტპატიმრად მოიხსენიეს და ესეც ტყუილი აღმოჩნდა. სტრასბურგმა დაამტკიცა ეს. სააკაშვილი რომ არ კვდებოდა და პოლიტპატიმარი არ არის, ამას ამტკიცებს ჯერ ერთი, რეალობა. მეორე ის, რომ ეს ადამიანი ცოცხალია და აგერ, პოლიტიკაში უნდა ჩართვა. ანუ, სტრასბურგი და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სცდება [ერთმანეთს]. აბსოლუტურად განსხვავებულ რაღაცას, ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს წერენ. ამ შემთხვევაში, რეალობა სტრასბურგის გადაწყვეტილებას ემთხვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ინფორმაცია [მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით], ძველი სახალხო დამცველის [ნინო ლომჯარია] მიერ მიწოდებული სიცრუე აისახა. ეს იყო სიცრუე. ესე იგი, სააკაშვილის დამცველი იყო. ადრეც ვთქვი, „ნაცების“ სახალხოდ დამცველი იყო ნინო ლომჯარია. ერთი წარმომადგენლობაა ამ ქვეყანაში. ეს არის წარმომადგენლობა „ნაცური“, რომლებიც არიან საერთო პარტიული ოჯახის წევრები. საერთო ინტერესები აქვთ. ნინო ლომჯარია რომ სახალხო დამცველი არ იყო, ყველამ გავიგეთ. არ მგონია, რომ ამერიკელ ხალხს და რომელიმე მოქალაქეს უხაროდეს, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნიდან, ამავდროულად ამაყი ქვეყნიდან, ჩადის ეს რაღაცა ცრუ ნარატივები და შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ სიცრუეს ავრცელებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები