ოპოზიცია – სახდეპის ანგარიშზე:  უმძიმესია და ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, გაიწვიოს „რუსული კანონი“

23-04-2024 12:43:33 პოლიტიკა

ოპოზიციაში ეხმიანებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოში 2023 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ და მას "უმძიმესად" აფასებენ.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, "ხელისუფლება უნდა გადავიდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც მოქალაქეების ინტერესებში შედის, მათ შორის, გაიწვიოს „რუსული კანონი“.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი. მე ყურადღებას გავამახვილებ სახელმწიფო საკითხების ყველა მიმართულებაზე. დაწყებული კორუფციიდან, გაგრძელებული სამოქალაქო უფლებების, მათ შორის მედიასთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან მიმართებით არის არაერთი საკითხი ხაზგასმული. საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პრობლემებზე, სადაც საკუთრების და მოქალაქეების უფლების ნაწილში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საუბარია დარღვევებზე. ამ დროს, ჩვენს ხელისუფლებას ქვეყანაში უმძიმესი გამოწვევების ფონზე შემოტანილი აქვს რაღაც პოპულისტური თემები, ერთის მხრივ, მაგალითად, გუშინ რაც მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ. მეორეს მხრივ, საზოგადოებას პირდაპირ აპირისპირებს და მტერი და მოყვარე ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია. ამ მოცემულობაში, ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა გადავიდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში შედის - მათ შორის, გაიწვიოს „რუსული კანონი“ და გადაერთოს ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტირებაზე 9 რეკომენდაციის შესრულებით. [...] ხელისუფალს, რომელსაც კონკრეტული კანონის გასატანად იძულებით სჭირდება საქართველოს მოქალაქეების ქუჩაში გამოყვანა, ახალი არაა - 2011 წელს ხდებოდა იგივე სხვადასხვა სტადიონზე სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან. ეს მიანიშნებს, რომ ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი”, - აღნიშნა პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.

„სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც საქართველოშია:

"არ არსებობს ჯგუფი ადამიანების, რომელთა უფლებებიც დაცული იქნება. უფრო მეტიც, ამ ანგარიშში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უფლებადამრღვევები ფაქტობრივად, წახალისებულები არიან, იმიტომ, რომ არანაირი გამოძიება აღარ არსებობს. უფლებას დაარღვევს სამართალდამცავი, მის მიმართ არანაირი გამოძიება არ ტარდება. უკანონო დავალებას გასცემს მინისტრი - მერე რა? ჩვეულებრივად ჩაივლის. ეს უკანონობა ხდება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, სტრასბურგს ხშირად იყენებთ ხოლმე. ძალიან კარგი იქნება, სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით შეახსენოთ იმ ადამიანებს, რომლებიც სტრასბურგს ხშირად ახსენებენ ხოლმე. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, რომელიც ახლა პარლამენტში იხილება, სტრასბურგმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საწინააღმდეგო კანონი".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში 2023 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ძირითადი დასკვნა

დოკუმენტის შემაჯამებელი ნაწილი იმაზე ხაზგასმით იწყება, თუ რა საფრთხეს უქმნიდა "აგენტების" შესახებ კანონი საქართველოს.

"2023 წლის განმავლობაში ქართველები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერდნენ. ასევე იყო მასშტაბური საპროტესტო აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც რეკომენდაციას უწევს შემდგომ პროგრესს ცხრა საკითხში, რომელიც მოიცავს დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.

ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სანდო ცნობებს: წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ; თვითნებური დაკავების ან დაკავების შესახებ; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, გამოძიებასთან და დევნასთან ერთად, რომელიც ფართოდ განიხილებოდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული; პირად ცხოვრებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის შესახებ; გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების, მათ შორის ძალადობისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის მუქარის შესახებ; მშვიდობიანი შეკრებაში ჩარევის შესახებ, სერიოზული სამთავრობო კორუფციის შესახებ; ისეთი დანაშაულების შესახებ, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას, რომლებიც მიმართულია ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ ან ინტერსექს პირებსა და აქტივისტებზე.

მთავრობამ მიიღო ზომები ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ჯარები უჭერდნენ მხარს.

ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები ოკუპირებულ რეგიონებში მოიცავდა სანდო ცნობებს: უკანონო მკვლელობების შესახებ; თვითნებური დაკავებისა ან დაკავების შესახებ; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისთვის; და ეთნიკური ქართველების საკუთრების ან ბიზნესის დარეგისტრირებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ. რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებამ ორივე რეგიონში ჩაიდინა ბოროტმოქმედება, რომელიც დაუსჯელია", – აღნიშნულია ანგარიშის შემაჯამებელ ნაწილში.

რა წერია ანგარიშში "აგენტების კანონის" შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შევიდა 2023 წლის მარტში პარლამენტში ინიცირებული "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებიც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონი მკაცრად გააკრიტიკა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ და ფართო საპროტესტო გამოსვლების ფონზე, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

"მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებმა საჯაროდ გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციები და 7 მარტს კანონი პირველი მოსმენით მიიღეს, რომელიც ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების მინიმუმ 50 %–ს უცხოური დახმარებისგან იღებდნენ და მათ „უცხოელი აგენტები“ უწოდეს. ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამ კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს. მაგალითად, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა 7 მარტს განაცხადა, რომ „კანონპროექტი მისი ამჟამინდელი ფორმით საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან".

პროექტი ასევე ფართოდ განიხილებოდა, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ წამყვანი სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვის მცდელობა. მასობრივი პროტესტის ფონზე, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი 9 მარტს გაიწვია. [...]

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) თანახმად, კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. გარდა ამისა, ODIHR-მა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კანონპროექტს აქვს მსგავსება რამდენიმე წლის წინ რუსეთის მიერ მიღებულ კანონმდებლობასთან", – ნათქვამია დოკუმენტში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები