შარლ მიშელი: ეს კანონი საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, პირიქით

19-04-2024 18:03:22 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმიანება პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების ფაქტს და აღნიშნავს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს.

"მინდა, გარკვევით ვთქვა: ეს კანონი პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, ის საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, პირიქით. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა მან Euronews-თან საუბრისას.

"კითხვაზე, შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის გამო, მიშელი ასე შორს არ წასულა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სტანდარტების საწინააღმდეგო ნებისმიერ განვითარებას ექნება გავლენა იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს", – იუწყება Euronews.

"გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დამყარებული პროცესი და იდეაა კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. იდეა ისაა, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს", - ამბობს მიშელი და დასძენს, რომ "თუ ისინი კენჭს უყრიან კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე".

აღნიშნულ საკითხს შარლ მიშელი 16 აპრილსაც გამოეხმაურა:

„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და პასუხად, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ნება მომეცით, ვიყო მკაფიო: უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებებს, მისი გაწევრების ტრაექტორიას და საქართველოს ევროკავშირს დააშორებს, არ მიაახლოებს”.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები