შს მინისტრი: მკითხეს, კანონს ეთანხმებით თუ არაო, თითებს გვიშვერდნენ, თითქოს რამე ჩამჭრელი კითხვა იყო, მე ვარ ამ გუნდის წევრი და დიახ, ვეთანხმები, სწორია

19-04-2024 16:41:38 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ "აგეტების" შესახებ კანონის მირებას მხარს უჭერს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. შესაბამის კიტხვით მას დეპუტატებმა მიმართეს.

„მკითხეს, კანონს ეთანხმებით თუ არა თქვენო, აბა მითხარი, აბა მითხარიო, თითებს გვიშვერდნენ. მე ვარ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, პოლიტსაბჭოს წევრი და რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მე ვარ ამ გუნდის წევრი და რა თქმა უნდა. ისე მეკითხებოდნენ თითქოს, რამე ჩამჭრელი კითხვა მკითხეს. დიახ, ვეთანხმები, რა თქმა უნდა და სწორია. თუ ვალდებულები ვართ ყველა, სამინისტროები, რაში ვხარჯავთ ფულს, რომ შემოწმდეს, დაადეკლარირონ, რა პრობლემაა. არა ერთხელ აუხსნიათ და ჩემი ახსნა არ სჭირდება მე მგონი, ამ კანონს,“ - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები